ახალი ამბები

ძიუდოში მოქმედ ქართველ ჩემპიონს აკრძალული ნივთიერების გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

14 მარტი, 2024 • 5642
ძიუდოში მოქმედ ქართველ ჩემპიონს აკრძალული ნივთიერების გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში.

სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ გერმანულ ლაბორატორიაში მაისურაძის ნიმუშში „ოსტარინი” აღმოჩნდა, რომელიც WADA-ს აკრძალული სიის S1 კლასის მიხედვით ითვლება აკრძალულ განუსაზღვრელ (არა-სპეციფიკური) ნივთიერებად. სააგენტოში აცხადებენ, რომ ლუკა მაისურაძეს არ ჰქონდა თერაპიული გამოყენების გამონაკლისი , რომელიც გაამართლებდა მის ორგანიზმში აღნიშნული ნივთიერების არსებობას.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულის შემდეგ, „ოსტარინის“ წყაროს აღმოსაჩენად, მაისურაძის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, გაკეთდა ყველა საკვები დანამატის ანალიზი, რომლებსაც ძიუდოისტი სინჯის ჩაბარების წინა პერიოდში იყენებდა. შედეგად, საკვებ დანამატ „Brain“ -ის  გახსნილ ქილაში აღმოაჩინეს ზემოხსენებული აკრძალული ნივთიერება, რომელიც არ იყო მითითებული არც ეტიკეტზე და არც მწარმოებლის ვებსაიტზე.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ლუკა მაისურაძის საკითხის შუალედური განხილვის დროს საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რეაბილიტოლოგის – დიმიტრი ბაღათურიას ახსნა-განმარტებაც, რომელიც აღნიშნავდა, რომ სპორტსმენი მასთან კონკრეტული ჩივილებით მივიდა მარტის ბოლოს და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით  მოიძია ახალი ამერიკული პრეპარატი Brain.

მისი განმარტებით ირკვევა, რომ გადახედა შემადგენლობას, დარწმუნდა, რომ მასში სპორტსმენისთვის საზიანო არაფერი იყო, არც რომელიმე აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამის შემდეგ მისცა ლუკა მაისურაძეს. სპორტსმენის მხარე განხილვაზე მიუთითებდა, რომ მაისურაძე ენდო რეაბილიტოლოგს, თუმცა, ვიდრე დაიწყებდა დანამატის გამოყენებას, მაინც გაეცნო ეტიკეტს, სცადა ინტერნეტში გუგლის მეშვეობით მოეძიებინა ინფორმაცია მისი შემადგენლობის შესახებ, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა:

„საჯარო მოსმენაზე დასმულ კითხვაზე, უსარგებლია თუ არა რეაბილიტოლოგს საიტით Gada.ge და თუ სმენია იქ განთავსებულ დოკუმენტზე – suppliement 411, სადაც არის დაბინძურებული საკვები დანამატების ნუსხა და მითითებულია, რომ 2021 წელს საკვებ დანამატ :ბრეინში“ (მწარმოებელი Dioxyme) აღმოჩენილია ოსტარინი.

რეაბილიტოლოგის განცხადებით, აღნიშნული საიტით უსარგებლია ადრე, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოუყენებია ამ საიტზე განთავსებული ბმული suppliement 411. იგი ამ დანიშნულებით სხვა საიტებით სარგებლობს, როგორიცაა – Rusada, თუმცა იქ არ იყო მოცემული ბრეინი. საჯარო მოსმენაზე ლუკა მაისურაძემ კი განმარტა, რომ ვებ ვერდით gada.ge არ უსარგებლია, არც მასზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ იცის არაფერი“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

საბოლოოდ, საბჭომ მიიჩნია, რომ ლუკა მაისურაძემ (მისმა რეაბილიტოლოგმა-დიმიტრი ბაღათურიამ) არ გამოიყენა სიფრთხილის ყველა ზომა, კერძოდ, არ ჰკითხა ნაკრების ექიმს(დიმიტრი ბაღათურია რეაბილიტოლოგია და არა ექიმი) და შემოიფარგლა მხოლოდ ინტერნეტის ზოგადი მონაცემებით (Google search).

საბჭოს თქმით, მაისურაძემ არ შეამოწმა ისეთი მნიშვნელოვანი, დოპინგისთვის სპეციალიზებული და ყველა სპორტსმენისთვის გასაცნობად სავალდებულო – საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი gada.ge, სადაც განთავსებულია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელშიც აღმოჩენილია დამაბინძურებლები.  ანტიდოპინგური  სადისციპლინო საბჭო აღნიშნავს, რომ gada.ge-ზე გამოქვეყნებულ ნუსხაში ის საკვები დანამატიც იყო (Brain, Dioxyme), რომლის მოხმარებასაც ლუკა მაისურაძე ადასტურებს:

„მაისურაძე დაეყრდნო მხოლოდ პროდუქტის ანოტაციას, თუმცა მისთვის, როგორც მაღალი რანგის სპორტსმენისთვი,ს და მისი რეაბილიტოლოგისთვის, ცნობილი უნდა ყოფილიყო დანამატების დაბინძურების არსებული რისკი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კომისია, ითვალისწინებს რა სპორტსმენის გულწრფელ მცდელობას, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში არ მოხვედრილიყო, მიიჩნევს, რომ მისი მცდელობა არასაკმარისია.

კერძოდ, შეეძლო მინიმუმ ენახა ინფორმაცია იმ ვებგვერდზე, რომელიც შექმნილია სწორედ სპორტსმენების და სპორტში მოღვაწე პირების ინფორმირების მიზნით, ასევე, პრეპარატი, რომელიც გადასცა კვალიფიკაცით არა ექიმმა, არამედ რეაბილიტოლოგმა, გადაემოწმებინა სპორტის ექიმთან ან სხვა სპეციალიზებულ ექიმთან“ ,— წერია დოკუმენტში.

საბოლოოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, ძიუდოს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირებში მონაწილეობა 2024 წლის 16 ოქტომბრამდე აეკრძალა, შესაბამისად, ის ვერ იასპარეზებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 26 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

ნეტგაზეთს ძიუდოს ფედერაციაში განუცხადეს, რომ 26 წლის ძიუდოისტს აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურს.

„ერთი წლის წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად“, – უთხრა სპორტსმენმა „ლიდერ სპორტს“.

ფედერაციაში ჯერჯერობით ვერც იმას ამბობენ, თუ ვინ წავა მაისურაძის წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

ლუკა მაისურაძემ 2023 წელს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ლაშა ბექაური დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ ლაშა ბექაურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი