თბილისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება

2018 წლის პირველი ივლისიდან, კვირაში სამჯერ, ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM იფრენს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას ავიაკომპანიისა და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” წარმოამდგენლებმა მიაღწიეს. 

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია  “ტარომთან” მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებენ და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით.

ჯერჯერობით, რუმინულ ავიაკომპანიას ბილეთების გაყიდვა თავის ვებსაიტზე დაწყებული არ აქვს, შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რა ეღირება ავიაბილეთი.

რაც შეეხება თავად ავიაკომპანიას, ავტორიტეტული გამოცემა Airline Ratings “ტარომს”, უსაფრთხოების კუთხით, 7-დან 7 ქულით აფასებს, მის სერვისს კი, 7-დან 3.5 ქულით.

“ტარომმა” 2017 წელს 2.5 მილიონამდე მგზავრი გადაიყვანა მსოფლიოს 50-მდე მიმართულებით. მის ავიაპარკში მცირე ზომის 23 თვითმფრინავი შედის, მათ შორის, ბოინგ 737, ეარბას 319, ATR 42 და ATR 72. ავიაკომპანიას დამატებით შეკვეთილი აქვს ორი ბოინგ 737.

2018 წლის ზაფხულიდან ბუქარესტის მიმართულებით საქართველოდან, ქუთაისის აეროპორტიდან, იფრენს ავიაკომპანია “ვიზეარიც”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.