საზოგადოება

შტორმი შავ ზღვაში – უამინდობის შედეგად არაერთ ქვეყანაში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაღუპულებიც

27 ნოემბერი, 2023 • 2982
შტორმი შავ ზღვაში – უამინდობის შედეგად არაერთ ქვეყანაში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაღუპულებიც

შავ ზღვაში შტორმია – სტიქია შეეხო უკრაინას, რუსეთს, რუმინეთს, მოლდოვას, ბულგარეთს და საქართველოს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

შტორმი, რომელსაც, მედიის ცნობით, თან სდევს 40 მ/წმ სიჩქარის ქარიშხალი, 26 ნოემბრის საღამოს დაიწყო. რუსული მედია იუწყება, რომ ანექსირებულ ყირიმში ერთი ადამიანი დაიკარგა, თერთმეტი კი დაშავდა. გარდა ამისა, ყირიმში 500 000 ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მოსახლეობის ნაწილს არ აქვს არ წყალმომარაგება და გათბობა. ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

შტორმი შეეხო კრასნოდარის ოლქს და ოკუპირებულ დონეცკის ოლქსაც, სადაც 190 000 ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, ხოლო ქალაქ ანაპასთან მიმდებარედ, პორტში, შტორმმა გემი „გაიტაცა“.

სტიქია ოდესის ოლქსაც შეეხო – „სუსპილნე“ წერს, რომ ქალაქ ოდესისა და მიმდებარე რაიონების მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, ვერ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი.

უამინდობა არის უკრაინის სხვა ქალაქებშიც – კიევში დიდთოვლობაა, ქრის 22 მ/წმ სიჩქარის ქარი და გამოცხადებულია საფრთხის მეორე დონე, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“. გამოცემის ცნობითვე, ელექტროენერგიის მომარაგების შეზღუდვები ქვეყნის სხვა რეგიონებშიცაა.

სტიქია შეეხო რუმინეთსა და მოლდოვასაც – „დოიჩე ველე“ წერს, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ასობით დასახლებული პუნქტი და ზოგ ეროვნული დონის მაგისტრალზე შეჩერებულია მოძრაობა. მოლდოვაში, უამინდობით გამოწვეული ავტოკატასტროფის შედეგად, დაიღუპა 40 წლის მამაკაცი. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ იარონ მანქანით „მწვავე აუცილებლობის გარეშე“.

რუმინეთში გამოცხადებულია მეტეოროლოგიური საფრთხის მაღალი დონე და შეჩერებულია კონსტანცას და სხვა პორტების მუშაობა.

ბულგარეთში შტორმის შედეგად დიდთოვლობაცაა, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. გადაკეტილია გზები, გაზრდილია ავარიების რაოდენობა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, აღნიშნავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი. დაღუპულია ორი, დაშავებული კი 36 პირია.

27 ნოემბერს ბათუმის ახალ ბულვარში შტორმმა სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე 4-5-ბალიანი ღელვაა.

ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/506231/

მასალების გადაბეჭდვის წესი