საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება. პირველი რეისი კონსტანცადან ფოთის მიმართულებით 27 ივნისს შედგება და საწყის ეტაპზე კომპანია e60shipping ამ მარშრუტზე მომხმარებლებს კვირაში ერთ რეისს შესთავაზებს.
როგორც კომპანიის დირექტორმა შალვა წაქაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნა, მარშრუტი ამოავსებს წყვეტას E60 მაგისტრალისთვის, რომელიც საფრანგეთიდან ყირგიზეთამდეა გადაჭიმული და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრანსკასპიური შუა დერეფნის განვითარებაში.
წაქაძე აღნიშნავს, რომ ბორანი იქნება როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო დანიშნულების. რეისები საავტომობილო-სარკინიგზო / სამგზავრო ბორანი Vilnius-ით შესრულდება.
ბორანს 108 მგზავრის გადაყვანა შეუძლია და ის აღჭურვილია ლუქსის, ნახევრად ლუქსის ტიპის, 2 და 4 -ადგილიანი კაიუტებით. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გემის მაღალი ნაოსნობისთვის გამოსადეგობა და მისი მნიშვნელოვანი ზომები (სიგრძე 190 მეტრზე მეტი, სიგანე – 28 მ) შტორმის პირობებშიც კი იძლევა რწევის მინიმიზაციის საშუალებას. ორ სატვირთო გემბანზე შესაძლებელია ერთდროულად 50 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონის და ТIR-ის 50 დიდ ტვირთიანი ავტომობილის განთავსება.
რაც შეეხება ტარიფებს, მგზავრის გადაყვანის საფასური: ზრდასრული მომხმარებლისთვის 200 ევროდან იწყება. როგორც შალვა წაქაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, საწყის ეტაპზე მგზავრობის ხანგრძლივობა 48 საათი იქნება, თუმცა ეს დრო შემცირდება და 40-42 საათამდე ჩამოვა. ამასთან, კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ იგეგმება რეისების სიხშირის ზრდაც. მისი თქმით, პირველი ოთხი რეისი კვირაში ერთი ინტენსივობით შესრულდება, საბოლოო მიზანს კი თვეში შვიდ-ნახევარი დღიანი განრიგით რეისების შესრულება.