ახალი ამბები

ხორვატია შენგენის ზონას შეუერთდება, ბულგარეთს და რუმინეთს უარი უთხრეს

9 დეკემბერი, 2022 • 1203
ხორვატია შენგენის ზონას შეუერთდება, ბულგარეთს და რუმინეთს უარი უთხრეს

ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებით, ხორვატია შენგენის ზონას შეუერთდება, ბულგარეთი და რუმინეთი კი არა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა მიიღეს.

ინფორმაცია ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა გაავრცელა.

მათი ცნობით, ხორვატია შენგენის ზონას 2023 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდება.

შენგენის ზონა ამჟამად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 22-ს, ასევე ევროკავშირის არაწევრ: შვეიცარიას, ნორვეგიას, ლიხტენშტეინს და ისლანდიას მოიცავს და აღნიშნულ ზონაში გადაადგილება თავისუფლად და შეუზღუდავად, საპასპორტო კონტროლის გარეშე ხდება.

რაც შეეხება ბულგარეთსა და რუმინეთს, ისინი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდნენ და შენგენის ზონაში შესვლას წლების განმავლობაში ცდილობენ. თუმცა ორგანიზებული დანაშაულის, მიგრაციისა და უსაფრთხოების კუთხით  არსებული გამოწვევების გამო შენგენის ზონაში შესვლაზე მათი განაცხადi შეჩერებული იყო.

გასულ თვეს კი ევროკომისიამ დაადგინა, რომ  სამივე ქვეყანა, ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი, აკმაყოფილებდა შენგენის ზონაში გაწევრიანების აუცილებელ კრიტერიუმებს და ამას მხარი ევროპარლამენტმაც დაუჭირა.

თუმცა, როგორც გუშინ, 8 დეკემბერს, გაირკვა, რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში მიღება ავსტრიამ დაბლოკა, მიზეზად კი ვენამ მიგრაციის საფრთხე დაასახელა.

ამასთან, ნიდერლანდებმა, რომელიც ადრე ეწინააღმდეგებოდა რუმინეთის შენგენში გაწევრიანებას, ახლა მას მხარი დაუჭირა, თუმცა შენგენში  ბულგარეთის შესვლას კვლავ ეწინააღმდეგება.

იმისათვის, რომ ქვეყნები შენგენის ზონის წევრები გახდნენ,  წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი