ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში გოგოები უკეთესად იაზრებენ წაკითხულს, ვიდრე ბიჭები – PIRLS 2016

7 მაისი, 2018 • 7952
საქართველოში გოგოები უკეთესად იაზრებენ წაკითხულს, ვიდრე ბიჭები – PIRLS 2016

წიგნიერების ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეხება, გოგოებს უკეთესი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე ბიჭებს. კვლევის თანახმად, გამოკითხული ქვეყენების საერთო შედეგით, გოგოების მაჩვენებელი საშუალოდ 19 ქულით აღემატება ბიჭების მაჩვენებელს.

PIRLS წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი. PIRLS-ის ტესტები ამოწმებს წაკითხულის გააზრების უნარს-რამდენად იგებს, იაზრებს ამ ასაკის ბავშვი სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა.

PIRLS, წიგნიერების საერთაშორისო კვლევა 2016 წელს 50 ქვეყანაში ჩატარდა და აქედან 48 ქვეყანაში გოგოებს უკეთესი შედეგი ჰქონდათ, ვიდრე ბიჭებს. საერთო შეფასებით გოგოების მაჩვენებელი 19 ქულით ჯობნის ბიჭების მაჩვენებელს. რაც შეეხება საქართველოს, აქაც გოგოების შედეგი უკეთესია, ვიდრე ბიჭების. 2016 წლის კვლევის მონაცემებით საქართველოში სკოლის მოსწავლე გოგეობის ქულა 498-ია, ხოლო ბიჭების- 479. საქართველოში გოგოები 19 ქულით ჯობნიან ბიჭებს წაკითხულის გააზრებაში.

50 ქვეყნიდან მხოლოდ ორი ქვეყანაა, პორტუგალია და მაკაო (ჩინეთის ადმინისტრაციული ერთეული), სადაც გოგოების მაჩვენებელი არ აღემატება ბიჭების მაჩვენებელს, ამ ორ ქვეყანაში გენდერული სხვაობა 2 ქულას არ აღემატება.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, PIRLS-ის ისტორიის მანძილზე გოგოებს წიგნიერების კვლევაში ყოველთვის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე ბიჭებს. საქართველოს შემთხვევაშიც, გოგოები წინა წლებშიც უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ, ვიდრე ბიჭები.

შეგახსენებთ, რომ წიგნიერების ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეხება, საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავ 488 ქულით განისაზღვრება. საქართველოს იგივე, 488 ქულა ჰქონდა 2011 წელსაც, როცა წიგნიერების წინა კვლევა ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი