ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ბუნდოვანი მომავალი

4 მაისი, 2018 • 7529
სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ბუნდოვანი მომავალი

[red_box]სააკაშვილი და “ვულგარული ფემინიზმი”: რა მოხდა სომხეთის პარლამენტში[/red_box]

ბოლო სამი დღის განმავლობაში სომხეთში მიმდინარე ამბები ჰოლივუდური სერიალის სცენარს წააგავდა.

ვნებათაღელვა 1 მაისს პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურის კენჭისყრის ირგვლივ დაიწყო. ჯერ კიდევ 30 აპრილის საღამოს თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო: ოთხი საპარალამენტო ფრაქციიდან სამმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურის მხარდაჭერას აპირებდნენ, მეოთხე, სომხეთის მმართველ რესპუბლიკურ პარტიას საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია, თუმცა განაცხადა, რომ “ხელს არ შეუშლის იმას, რომ არჩევნები შედგეს”.

თუმცა ეს ფორმულირება საკმაოდ ბუნდოვანი იყო, ბევრმა ისე აღიქვა, როგორც დაპირება, რომ რესპუბლიკელები ხმას ფაშიანიანს მისცემდნენ [როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცდებოდნენ]. მართალია, ამავე დროს, ყველას ესმოდა, რომ იმის შანსიც არსებობდა, რომ ფაშინიანს ხმას არ მისცემდნენ.

თავად ნიკოლ ფაშინიანმა 30 აპრილის მიტინგზე საკუთარი მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მეორე დღეს, დილის 11 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილიყვნენ, როგორც მან თქვა, “გამარჯვების აღსანიშნავად”.

ყოველივე ამის შემდეგ, 01:20 საათზე ღამით, ფაშინიანმა ჩაწერა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც 751 000-ზე მეტი ნახვა და 35000 გაზიარება ჰქონდა. ამ ვიდეოში ფაშინიანი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ღამით სერჟ სარგსიანმა დეპუტატი რესპუბლიკელები შეკრიბა, სადაც ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ კენჭისყრა ჩაეგდოთ, რათა “რესპუბლიკური პარტიის ძალაუფლება აღედგინათ”.

ამიტომაც, – თქვა ფაშინიანმა, – დილაადრიანვე რესპუბლიკის მოედანზე ასობით ათასი ადამიანის შეკრებაა საჭირო.

ის, რაც მომდევნო დღეს მოხდა, სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო იყო – მთელი დღე ათასობით ადამიანი [ოპოზიციის ინფორმაციით, 250 000 ათასი] რესპუბლიკის მოედანზე იდგა და უზარმაზარ ეკრანზე პირდაპირ ეთერში თვალს პარლამენტის სხდომას ადევნებდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც მოედანზე ადგილი ვერ იპოვა და მიმდებარე ქუჩებს ან კაფეებს შეაფარა თავი. თითქოს მთელი სომხეთი მიეჯაჭვა ტელევიზორის ეკრანებს და უყურებდა პარლამენტში რესპუბლიკელ დეპუტატებს, რომლებიც ფაშინიანს ჩამჭრელ კითხვებს უსვამდნენ და უპრინციპობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდნენ.

რესპუბლიკელები პარლამენტში გამუდმებით იმეორებდნენ, რომ ფაშინიანი არ არის კომპეტენტური, მას არ აქვს ქვეყნის მართვის გამოცდილება, ის საგარეო ძალებისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით რუსეთისთვის, რომ სომხეთში არასტაბილურობით შეიძლება აზერბაიჯანმა ისარგებლოს და ა.შ.

საპარლამენტო გამოსვლებს სომხეთში სააკაშვილის ხსენების გარეშეც არ ჩაუვლია. დეპუტატი ჰაიკ ბაბუხანიანი ფაშანიანს ადანაშაულებდა სააკაშვილთან, ნავალნისთან და აშშ-თან კავშირებში. ასევე იმაში, რომ “სექსუალურ უმცირესობებსა” და “ვულგარულ ფემინიზმს” მხარს უჭერს.

 

[red_box]რევოლუციის კარნავალი[/red_box]

რთულია თქვა, ვინ უფრო გააღიზიანა რესპუბლიკელ დეპუტატთა გამოსვლებმა – თავად ფაშინიანი, რომელიც ზედმიწევნით მშვიდად პასუხობდა კითხვებს, თუ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ხალხი.

თუ რესპუბლიკელების გეგმა ფაშინიანის დისკრედიტაციაში მდგომარეობს, მაშინ ის არა მხოლოდ ჩავარდა, არამედ საპირისპირო ეფექტი ჰქონდა. რესპუბლიკელები, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომების გამო პასუხისმგებლობა აეღოთ, ფაშინიანის “სიტყვაზე დაჭერას” ცდილობდნენ, ჩვიდმეტი წლის წინანდელ სტატიას ახსენებდნენ, რამაც მათი მრავალგზის ამომრჩეველიც კი გააღიზიანა.  

შედეგად, იმის მიუხედავად, რომ ფაშინიანი, საბოლოო ჯამში, კენჭისყრაში დამარცხდა, მორალურად ოპონენტებზე მაღლა იდგა, ყოველ შემთხვევაში, ქუჩაში მყოფი ხალხის თვალში.

ნიკოლ ფაშინიანი; 2 მაისის საღამოს აქცია ერევანში; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი

რესპუბლიკელთა რეალური გათვლების მასშტაბები მეორე დღეს ნათელი გახდა.

2 მაისს დაიწყო საერთო ეროვნული საპროტესტო აქცია, რომლის მსგავსიც პოსტსაბჭოთა სომხეთის ისტორიაში არ ყოფილა. მთელი ქვეყანა პარალიზებული აღმოჩნდა. ერევანში გადაკეტეს ყველა მთავარი თუ ნაკლებად მთავარი ქუჩა, არ მუშაობდა მეტრო და სხვა საქალაქო ტრანსპორტი. დემონსტრანტები ბლოკავნდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს და რესპუბლიკელ დეპუტატთა სახლების ეზოებში აქციებს აწყობდნენ.

პარლამენტის მორიგი სხდომა ჩაიშალა, რადგანაც ოპოზიციამ მას ბოიკოტი გამოუცხადა, ბევრმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ვერ მიაღწია პარლამენტამდე. საპროტესტო აქციები მთელ სომხეთში გაიმართა. დაიკეტა საავტომობილო გზები და რკინიგზა. ქუჩაში გამოვიდნენ მოსწავლეები და სტუდენტები. აქციას შეურთდნენ ერევნის ზვარტნოცის აეროპორტის თანამშრომლები. თუმცა მას შემდეგ რაც ფაშინიანმა მხარდამჭერებს მუშაობის განახლების მოწოდებით მიმართა, აეროპორტი კვლავ ამუშავდა.

გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი გადადგა, ან აქციას მხარი დაუჭირა. მათ შორის ყველაზე მაღალჩინოსანი სომხეთის კულტურის მინისტრი არმენ ამირიანია. ის მას შემდეგ გადადგა, რაც მისი სამინისტროს შესასვლელი მწერლებმა, მსახიობებმა, მუსიკოსებმა და თოჯინების თეატრის თანამშრომლებმა გადაკეტეს.

ზოგადად, კულტურის სამინისტროსთან პროტესტი ყველაზე მხიარული აღმოჩნდა: საოპერო მომღერლებმა არიები შეასრულეს, თოჯინების თეატრმა კი პარლამენტის დებატებზე იმპროვიზირებული წარმოდგენა გამართა.

თუმცა სადღესასწაულო ატმოსფერო მთელ ქალაქში იყო- მწვადს წვავდნენ, ცეკვავდნენ, ფეხბურთიც ითამაშეს, ისხდნენ ბალახზე და გიტარის თანხლებით მღეროდნენ. ჩვეულებრივ, ველოსიპედისტებს ერევნის ქუჩებში ცოტას შეხვდებით. როგორც აღმოჩნდა, მანქანებისგან თავისუფალი სივრცით მათაც ისარგებლეს. პოლიცია ქუჩაში მცირე რაოდენობით იდგა, ისინიც ძალიან ნეიტრალურად იქცეოდნენ. იყო კურიოზებიც: ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ჩინელმა ტურისტებმა გადაკეტეს.

კაპიტულაცია?

აქციის შედეგები უკვე საღამოსთვის გახდა ცნობილი, როდესც რესპუბლიკელებმა გამოაცხადეს, რომ საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენენ. მეტიც, ისინი იმ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, ვისაც, კანონის შესაბამისად, დეპუტატთა მესამედი წარადგენს.

რადგანაც განცხადებაში პირდაპირ არ ყოფილა ნახსენები ფაშინიანის სახელი, წინა დღეს განვითარებული მოვლენებმა რესპუბლიკელთა ზრახვებში ეჭვი გააჩინა. რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის ჟურნალისტებმა მაინც მიაღწიეს იმას, რომ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს ვაჰრამ ბაგდასარიანს პირდაპირ ეთქვა, ეს განცხადება უშუალოდ ფაშინიანის მხარდაჭერას ნიშნავსო.

რამდენადაც სხვა საპარლამენტო პარტიებმა უკვე განაცხადეს, რომ ფაშინიანს უჭერენ მხარს, სავარაუდოდ, ამ ჯერზე უკვე ვერავინ შეუშლის ხელს მის პრემიერად დანიშვნას. საღამოს მიტინგზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოძრაობამ ფაქტიურად გამარჯვებას მიაღწია და მომიტინგეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ამის მიუხედავად, არც ფაშინიანი და არც მისი მხარდამჭერები მოდუნებას არ აპირებენ. თავად ფაშინიანმა ამავე მიტინგზე თქვა, რომ აუცილებელია წერილობით გამყარდეს მთავრობის მიერ გაკეთებეული განცხადება და გარანტიების მიღება, რომ დაპირებები შესრულდება, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რაც რესპუბლიკურ პარტიას შეეხება. ფაშინიანს და მის მხარდამჭერებს ესმით, რომ 8 მაისამდე, როდესაც პარლამენტში მოსმენაა ჩანიშნული, შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. თუ რესპუბლიკელები კვლავ შეცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებას და კენჭისყრას ჩაშლიან, მაშინ პარლამენტს დაითხოვენ და ვადამდელ არჩევნებს გამოაცხადებენ, რომელიც კანონის შესაბამისად, 30-45 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

თითქოს ვადამდელი არჩევნები სწორედ ისაა, რასაც მოითხოვდა ოპოზიცია, თუმცა მნიშვნელოვანი ნიუანსი ის არის, რომ მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ხელისუფლებას არჩევნებამდე რჩება დღევანდელი რესპუბლიკური კაბინეტი, თავად არჩევნები კი დღეს არსებული საარჩევნო კოდექსით ჩატარდება, სადაც ბევრი ხვრელია არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის.

რა თქმა უნდა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც გასულ თვეში მოხდა, რესპუბლიკელებს, სავარაუდოდ, არც ეს დაეხმარება, არჩევნებში რომ გაიმარჯვონ. თუმცა, შესაძლოა, ამან ფაშინიანის მომხრეების ამოცანა მნიშვნელოვნად გაართულოს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უხელისუფლებო სიტუაცია, ანდა უფრო სწორად, “ორხელისუფლებიანობა”, სომხეთში კიდევ ორ თვეს გაგრძელდება. ამიტომ ფაშინიანმა არაერთხელ მიანიშნა, რომ მოუწოდებს თავის მომხრეებს, მსგავს არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. 2 მაისის აქცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, წარმოვიდგინოთ, თუ როგორ შეიძლება ეს ბოიკოტი გამოიყურებოდეს.

რაც არ უნდა იყოს, იმის ალბათობა, რომ რესპუბლიკური პარტია კიდევ ერთხელ იტყვის უარს ფაშინიანის მხარდაჭერაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე, არც ისე დიდია. ეს ძალიან სარისკო მოქმედება იქნებოდა აზარტული რეპუტაციის მქონე მოთამაშე პოლიტიკოსის, სერჟ სარგსიანისთვისაც კი.

თუმცა ფაშინიანის არჩევა პრემიერ-მინისტრად ჯერ კიდევ ვერ გადაწყვეტს ყველა საკითხს. იმ მოქმედებების და პროგრამების შესაბამისად, რომლებიც ფაშინიანმა წარმოადგინა. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში ის გაატარებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებს, რის შემდეგაც პარლამენტს დაითხოვენ და ახალი არჩევნები გაიმართება.

სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, პარლამენტმა ახალი ხელისუფლების პროგრამას მხარი არ უნდა დაუჭიროს,  რაც საპარლამენტო ფრაქციებთან წინასწარი შეთანხმებით უნდა განხორციელდეს.

პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, პრობლემები არ იქნება: ბოლოს და ბოლოს, პროგრამა შეიძლება წარმოადგინო, როგორც რადიკალური, რომლის წინააღმდეგაც ხმას მისცემს ყველა ფრაქცია, წინასწარი შეთანხმების გარეშეც კი.

აი, საარჩევნო კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით კი ყველაფერი უფრო რთულადაა. ფაშინიანს ვერ ექნება რესპუბლიკელების მხარდაჭერის იმედი. სხვა ფრაქციების მხარდაჭერაც არ არის უტყუარი. იგივე შეეხება სხვა გადაწყვეტილებებსაც, რომლებსაც ფაშინიანის ხელისუფლება პარლამენტის გავლით გაატარებს.

ერთი სიტყვით, თუკი 8 მაისს ფაშანიანი პრემიერი გახდება, ყველაფერი ამით არ დასრულდება. მას მოუწევს იმ მთავრობის ხელმძღვანელობა, რომელსაც ქუჩის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, თუმცა, ამასთან, უკიდურესად სუსტი პოზიციები პარლამენტში. მმართველმა ელიტამ უკვე აჩვენა, რომ ადვილად არ აპირებს უკან დახევას. ამასთან, სომხეთის ახალ ხელისუფლებას  მოუწევს ურთიერთობების დამყარება მეზობლებთან. გლობალურ და რეგიონულ სახელმწიფოებთან, პარტნიორებთან ევრაზიული კავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობიდან. ამასთან, ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს – აზერბაიჯანთან ამჟამინდელი გადაუჭრელი კონფლიქტისა და სომხურ-თურქული საზღვრის პირობებში. 

ის ტრანსფორმაცია, რომელიც სომხურ საზოგადოებაში გასულ თვეს მოხდა, იმედს იძლევა, რომ სომხეთი ამ რთულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი