ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ

12 ნოემბერი, 2013 • • 1264
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ

როგორც რკინიგზელები აცხადებენ, მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია, თუმცა ადმინისტრაციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაც არ სურს:

“ჩვენ არ გვინდა გაფიცვა და ძალიან ვეწინააღმდეგებით ასეთ რადიკალურ მეთოდებს, თუმცა ჯერჯერობით არანაირი გამოსავალი არ ჩანს. რკინიგზის ადმინისტრაცია ხმას არ იღებს, ეს პრობლემა კი ყველა დასაქმებულ რკინიგზელს, დაახლოებთ 10 000 კაცს აწუხებს. ჩვენ საათობრივად ვიღებთ ანაზღაურებას, მე თუ 160 საათში 1000 ლარს ვიღებ, 260 საათიც რომ მომიწიოს მუშაობა, იგივეს მომცემენ. ამიტომ, თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ვაპირებთ მუშაობის შეჩერებას”, – აცხადებს ელმავლის მემანქანე ზვიად მულაძე.

“ხელისუფლება თავს იწონებს ახალი შრომის კოდექსით, მაგრამ რეალურად კანონის აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ადმინისტრაცია უარს აცხადებს ისეთი ელემენტარული პირობების შესრულებაზე, რაც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში დაკმაყოფილებული უნდა იყოს”, – აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია.

რკინიგზის თანამშრომლები აცხადებენ, რომ შრომითი კოლექტივის მიერ გაფიცვის უფლების მისაღებად შრომის კოდექსით 21-დღიანი ვადაა გათვალისწინებული, ეს ვადა გასულ ვკირაში ამოიწურა, მათ ადმინისტრაციას დამატებით 10-დღიანი ვადა მისცეს და კონსულტაციები შესთავაზეს, ეს ვადა კი 14 ნოემბერს იწურება, თუმცა ადმინსიტრაციის მხრიდან მოლაპარაკების სურვილი კვლავ არ გამოთქმულა.

დღეს რკინიგზელებმა საკუთარი მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც. როგორც სახალხო დამცველის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტის წევრი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, აპარატი ამ საკითხს მონიტორინგს გაუწევს:

“სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქალაქის შრომითი პირობების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენ განვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს. როგორც დასაქმებულები აცახდებენ, ისინი მზად არიან დასხდნენ მოალაპარაკების მაგიდასთან, რაც მიგვაჩნია, რომ ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი იქნება”, – აცხადებს სალომე ვარდიაშვილი. თუმცა, მისივე თქმით, საქმე არსებითად შესწავლილი ჯერ არ არის და წინასწარ იმის თქმა, ირღვევა თუ არა ამ ადამიანების უფლებები, შეუძლებელია.

“ნეტგაზეთი” რკინიგზის ადმინიტრაციასაც დაუკავშირდა, თუმცა ისინი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ:

“ჯერ მათ არ შემოუტანიათ განაცხადი გაფიცვაზე და როდესაც შემოვა, შემდეგ გადავწყვეტთ, გავაკეთოთ თუ არა კომენტარი. შეხვედრები იყო, მაგრამ გაფიცვას რაც ეხება, ჯერ უნდა შემოიტანონ განაცხადი, ამ ეტაპზე ვერავინ ვერაფერს გიპასუხებთ”, – განაცხადა რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა

მასალების გადაბეჭდვის წესი