კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზის გარეშე ბანკებს სესხის გაცემა ეზღუდებათ

მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში ცვლილება შედის. ცვლილების თანახმად, გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი გულისხმობს  მსესხებელი/თანამსესხებელი პირის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი ან ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზს.

ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხის საერთო თანხა (გარდა ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში არსებული სესხის თანხისა) არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისა და სისტემური რისკების მინიმიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისა და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისთვის დაწესებულია მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა, რომელიც შეადგენს 12 მილიონ ლარს.

“ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება,  რაც არანაკლებ საყურადღებოა, მზარდია იმ ფიზიკური პირების დაკრედიტება, რომელთაც შემოსავლებთან მიმართებაში  ვალის მაღალი ტვირთი აქვთ. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებში ხდება საცალო დაკრედიტების ბიზნესმოდელის ისეთი ცვლილება, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობს შემოსავლების წყაროს და ხდება რისკის მართვისათვის სხვა მახასიათებლებზე ყურადღების გამახვილება,”-წერია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ უწყება  მუშაობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვაზე, რის შემდეგაც  სესხის გაცემისას შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება, ასევე განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელმა კრედიტის გასტუმრება ფინანსური სირთულის გარეშე შეძლოს.

“იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე პერიოდში შინამეურნეობების დაკრედიტების მაღალი ტემპი ნარჩუნდება, არის საფრთხე, რომ პროცესის დასრულებამდე კიდევ უფრო გაიზარდოს ჭარბვალიანი მსესხებლების რაოდენობა და დაკავშირებულმა რისკებმა ფინანსური სექტორის მდგრად განვითარებას ზიანი მიაყენოს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამდე, ასევე გულისხმობს ევროკავშირში მოქმედ დირექტივასთან სრულად შესაბამისობაში მოსვლას, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად,”-ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სებ-ის თანახმად, შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებს. 2018 წლის 17 მარტს გამოცემული ბრძანება ძალაში მიმდინარე წლის 7 მაისს შევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.