ახალი ამბები

საქართველოს სხვა მოქალაქე რომ დაასანქცირონ, სახელმწიფო მზად უნდა შეხვდეს – მდინარაძე 

27 სექტემბერი, 2023 • 1392
საქართველოს სხვა მოქალაქე რომ დაასანქცირონ, სახელმწიფო მზად უნდა შეხვდეს – მდინარაძე 

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება “აბსოლუტურად სწორი იყო, რადგან “ხვალ საქართველოს სხვა მოქალაქე რომ დაასანქცირონ, სახელმწიფო მზად უნდა შეხვდეს”.

საუბარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის  ნათია თურნავას ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს. ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ მიიღო და მას ეროვნულ ბანკში რყევები მოჰყვა – თანამდებობები დატოვეს ვიცეპრეზიდენტებმა და მრჩევლებმა.

“თუ ამ თემას [ფარცხალაძის] გაატარებ, რომ ახლა მე პიარულად არ დავზარალდე მოტივით, ხვალ დაასანქცირებენ ვიღაცას. კვლავ გაატარებ, ზეგ ვიღაცას და და თუ გაჭრის ეს..”, – განაცხადა მდინარაძემ 27 სექტემბერს რუსთავი 2 -ის გადაცემა “ღამის კურიერში” საუბრისას.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა,  ფარცხალაძის შემდეგ  ელის თუ არა ხელისუფლება სხვა მაღალჩინოსნის ან ყოფილი მაღალჩინოსნის დასანქცირებას, რაზეც მდინარაძემ უპასუხა:

“გამორიცხული არაფერი არ არის. ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტო. ისე, რომ არც უთქვამთ და გამორიცხული არაფერი არ არის. ბიძინა ივანიშვილს 2 მილიონი დოლარი გაუჩერეს. აი, ასე, უბრალოდ”.

ამის შემდეგ მდინარაძემ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შეაფასა:

“ხვალ რომ სხვა საქართველოს მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი.

კი ბატონო,  სხვა ქვეყნებმა თავის მოქალაქეებს მიხედონ.  ცოტა უხეში ნათქვამია შეიძლება და მიხედავენ, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ევროპული ცივილიზებული ქვეყნები. მათ მოქალაქეებზე მტკიცებულებებს არ ვთხოვთ და სანქციებზე მიერთებას ვახორციელებთ ფაქტობრივს, მაგრამ როგორც კი საქართველოს მოქალაქეს შეეხება, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ვალდებულია მას მიუდგეს განსაკუთრებულ რეჟიმში  და საქართველოს მოქალაქის მიმართ მოითხოვოს მტკიცებულებები”, – განაცხადა მდინარაძემ.


IMF შეშფოთებულია ეროვნული ბანკის მიერ სანქციებისადმი მიდგომის შეცვლით

მასალების გადაბეჭდვის წესი