სკანდალური ბრძანებულების შემდეგ, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ბანკში რყევები მოჰყვა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა კომერციული ბანკების და ბიზნესასოციაციისა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა დღეს, 27 სექტემბერს გაიმართა ეროვნულ ბანკში. ის მედიისთვის დახურული იყო, ინფორმაცია შეხვედრაზე კი ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
სების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, “შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული”.
„საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით.
მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა, ხოლო “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.
ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში 19 სექტემბერს შევიდა და მას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.
ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
თურნავას ამ ბრძანებულების შემდეგ ეროვნული ბანკი დატოვეს ვიცე-პრეზიდენტმა მრჩევლებმა. კომერციულმა ბანკებმა კი განაცხადეს, რომ ისინი საერთაშორისო რეგულაციებს დაემორჩილებიან.