მსაჯს გული კიარა, ნაგვის ურნა აქვს – ბუფონი “რეალთან” მატჩის შემდეგ

დრამატული გამოდგა უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალური მატჩი, რომელიც მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გაიმართა. ტურინელებს საკუთარ მოედანზე 0:3 ჰქონდათ წაგებული და მადრიდში მხოლოდ სამი უპასუხო გოლის გატანა აძლევდათ შანსს, ნახევარინალში რომ გასულიყვნენ.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი სენსაციურ გამარჯვებასთან ახლოს იყო და გასვლით თამაშში მადრიდელებს მატჩის ბოლოსკენ უკვე 0:3-ს უგებდნენ, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივრმა ზინედინ ზიდანის გუნდის სასარგებლოდ სადავო თერთმეტმეტრიანი დანიშნა – კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმოში ბურთი ლუკას ვასკესს გადააწოდა, რომელიც ახლო მანძილიდან დასარტყმელად ემზადებოდა, თუმცა ესპანელ შემტევს იუვეს მცველი მეჰდი ბენატი ეთამაშა უხეშად.

ტურინელებმა ინგლისერი მსაჯის გადაწყვეტილება ემოციურად გააპროტესტეს. ოლივერმა კამათისთვის იუვეს ლეგენდარულ კაპიტანს, ჯანლუიჯი ბუფონს წითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც ალეგრის თერთმეტმეტრიანის მოსაგერიებლად ახალი მეკარის შემოყვანა დასჭირდა; იგუაინის ნაცვლად მან ვოიცეხ სჩესნი ჩართო თამაშში, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პენალტი ვერ მოიგერია.

გამოხმაურებები სადავო პენალტზე

გაბრაზებულმა ჯანლუიჯი ბუფონმა მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მსაჯს გულის ნაცვლად ნაგვის ურნა აქვს.

“10%-თაც არ იყო პენალტი. ვიცი, რომ არბიტრი ხედავდა ამას. 93-ე წუთზე დანიშნა ჩვენს კარში პენალტი, ხოლო პირველ შეხვედრაში ნამდვილი თერთმეტმეტრიანი არ მოგვცეს. არ შეიძლება ასეთ მომენტში თერთმეტმეტრიანის დადება. გუნდმა ამ თამაშს მთელი ძალა შეალია და ერთმა კაცმა ყველაფერი წყალში გადაგვიყარა საეჭვო ეპიზოდის გამო. მსაჯს გულის ნაცვლად, სანაგვე ურნა აქვს. თუ არ შეუძლია ასეთ სტადიონზე მსაჯობა, დაჯდეს ტრიბუნაზე ცოლთან და შვილებთან ერთად, დალიოს მინერალური წყალი და მიირთვას ჩიპსი,” – განაცხადა ბუფონმა.

მადრიდის რეალის ფეხბურთელები და მათი გულშემატკივრების ნაწილი მიიჩნევენ, რომ პენალტი იყო, რადგან ლუკას ვასკესი დასარტყმელად ემზადებოდა, როცა ის წააქცია ბენტიტიმ. როგორც კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, მან ვერ გაიგო, რატომ აპროტესტებდნენ ამ ეპიზოდს ტურინელები, რადგან ვასკესი რომ არ წაექციათ, ის გოლს გაიტანდა. ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი მუჰამედ ბენტიტი, რომლთან თამაშის დროსაც წაიქცა ვასკესი, ამბობს, რომ რეალის შემტევთან თამაშის წესები არ დაურღვევია, ხოლო მსგავს სიტუაციაში პენალტის დანიშვნა აბსურდია. ტურინელები წინა წლის ჩემპიონთა ლიგას იხსენებენ, როცა ბაიერნის წინააღდეგ დაინიშნა სადავო ეპიზოდი.

ტურინის “იუვენტუსის” მწვრთნელი უკომენტაროდ ტოვებს მსაჯის გადაწყვეტილებას და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი ფეხბურთელები ძალიან გულდაწყვეტილები არიან. იტალიური კლუბის პრეზიდენტის, ანდრეა ანიელის განცხადებით, მთავარმა მსაჯმა სრულად დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე და ეს იყო სრული ქაოსი: “როცა მსაჯი ამ ეპიზოდს თავიდან ნახავს, ყველაზე მეტად შეწუხდება, რადგან მიხვდება, რაც მოხდა სინამდვილეში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უეფას კვალიფიცირებული მსაჯების დანიშვნაში და ვიდეორეფერის შემოღებაში.”

მადრიდის “რეალის” სასარგებლოდ ტურინელთა კარში დამატებით დროში დანიშნული პენალტის შემდეგ ვიდეორეფერის შემოღების აუცილებლობაზე საფეხბურთო წრეებში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ.

ყოფილი მსაჯი, გრაციანო ჩეზარი მიიჩნევს, რომ ლუკას ვასკესის წინააღმდეგ მუჰამედ ბენტიტის მხრიდან თამაშის წესების დარღვევას ადგილი საერთოდ არ ჰქონია და მაიკლ ოლივერი ფეხბურთელების მოძრაობას წამოეგო. ჩეზარი ამბობს, რომ ამ ეპიზოდის ნახვის შემდეგ, მსაჯი იგივე გადაწყვეტილებას არ მიიღბდა. იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ამბობს, რომ ოლივერს სწორედ ვიდეოგამეორების სისტემა დაეხმარებოდა ამ დროს.

იხილეთ ასევე:

ჯანლუიჯი ბუფონი ეკამათება მსაჯს, რომელმაც მადრიდის რეალის სასარგებლოდ დამატებით დროში სადავო თერთმეტმეტრიანი დანიშნა. 11.04.2018. ფოტო: EPA-EFE/JUANJO MARTIN

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.