ნუკრი ქანთარია – ირაკლი კობახიძის განცხადება ყოვლად მიუღებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება გედევან ფოფხაძის პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება- ყოვლად მიუღებელი.

“მე მგონია, რომ პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ კარგად, აბსოლუტურად ამომწურავად გამოხატა პარტიის პოზიცია, როგორც თავმჯდომარემ, როგორც ლიდერმა და როგორც სწორედ უმრავლესობაზე მზრუნველმა ადამიანმა.

ნუ, პარლამენტის თავმჯდომარეს, ვფიქრობ, რიტორიკაში ჰქონდა რაღაც ავტორიტარული ნოტები, რაც, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია; ნოტებიც, რიტორიკაც და ქმედებაც ჩავაბარეთ 2012 წელს. მისი რიტორიკა, ვფიქრობ, რომ  მიუღებელია. ამიტომ მან თავის თავზე უნდა იმუშაოს,” – განუცხადა რუსთავი 2-ს ნუკრი ქანთარიამ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დაყენება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პასუხობს: “სულ ვამბობ, რომ ბუნებაში ყველაფერი მოსალოდნელია – დღეს მე ვარ, ხვალ შეიძლება სულ სხვა ვიყო.”

დაპირისპირება მმართველ პარტიაში გედევან ფოფხაძის გამო

  • გედევან ფოფხაძემ პარლამენტის მიერ ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არჩევის გამო საპარლამენტო უმრავლესობიდან, პარტიისა და ყველა პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატს ჯერ არ დაუტოვებია პარტია და თანამდებობები, თუმცა აცხადებს, რომ უკან დასახევი არაფერი აქვს.
  • გედევან ფოფხაძის განცხადებას თან მოჰყვა რამდენიმე პარლამენტარის ბოდიში, რომელთაც ჯერ ხმა მისცეს ნინია კაკაბაძეს, შემდგომ კი პატიება ითხოვეს, მათ შორის არიან: მარიამ ჯაში და თამაზ ნავერიანი. 
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გული დასწყდება, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას.
  • პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.