ახალი ამბებისაზოგადოება

მარიამ ჯაში ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო პატიებას ითხოვს

6 აპრილი, 2018 • 26732
მარიამ ჯაში ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო პატიებას ითხოვს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე 4 აპრილს აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყო მარიამ ჯაში, რომელიც ფეისბუკზე განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც, მისივე თქმით, თავი ამის გამო შეურაცხყოფილად იგრძნო, პატიებას სთხოვს.

სწორედ ნინია კაკაბაძის გამო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას ტოვებს და “პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს”.

“პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ჩემი გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატის არჩევას… თუმცა, სამწუხაროდ, დიდი რეაქცია მოჰყვა ამ ნაბიჯს ჩვენი საზოგადოების მხრიდან და გადავწყვიტე, რამდენიმე სიტყვით მომემართა.

20 წელია ვცდილობ ჩემს ქვეყანას და ეკლესიას საქმით დავუმტკიცო სიყვარულიც და პატივისცემაც. ძალიან მერიდება, საკუთარ თავზე საუბარი რომ მიწევს… მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შემაძლებინა იმ პროფესიონალურმა გზამ და პროგრამებმა – იმუნიზაციის, შიდსის, მალარიის, C ჰეპატიტის თუ სოლიდარობის ფონდის – რომელთა უკან ვიდექი პირველი ან სულ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. საყოველთაო ჯანდაცვის დოკუმენტიც, ისე მოხდა, რომ ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა მთავრობაში, მაგრამ ამ პროგრამის სათავეებთან ბევრი ადამიანი ვიდექით დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.

ზუსტად ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნის იმედი მაქვს დღეს უკვე განათლების, მეცნიერების და კულტურის მიმართულებებით.

სისტემურ რეფორმებთან ერთად ვცდილობ სამივე სფეროში ჩვენი ეკლესიის როლი წარმოჩინდეს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 17-საუკუნოვანი ნამოღვაწარით იმსახურებს.

პარლამენტში არჩევის პირველივე დღეებიდან არ მოვრიდებივარ ერთგვარად ტაბუდადებული თემის – სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების თუ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ეკლესიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლებლობის წარმოჩინებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

და იმ ყველა მასშტაბურ საკითხს შორის, რომელზეც თანამოაზრეებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობ და რომელიც მალე გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი – ნინია კაკაბაძის არჩევის საკითხი არ ჩამითვლია ესოდენ პრინციპულად.

მიუხედავად ამისა, თუ ჩვენმა საზოგადოებამ შეურაცხოფად მიიღო ჩემი ნაბიჯი – საზოგადოების ამ ნაწილს პატიებას გთხოვთ…” – წერს მარიამ ჯაში ფეისბუკის პირად გვერდზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი