ახალი ამბები

ნინია კაკაბაძის გამო გედევან ფოფხაძე უმრავლესობას სავარაუდოდ ტოვებს

4 აპრილი, 2018 • 23475
ნინია კაკაბაძის გამო გედევან ფოფხაძე უმრავლესობას სავარაუდოდ ტოვებს

გედევან ფოფხაძემ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევაა.

“ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვით, რაც ვთქვი ჟურნალისტებთან. შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს”, – აცხადებს ფოფხაძე ნეტგაზეთთან და დამატებით შეკითხვებს აღარ პასუხობს.

განახლება 15:00 საათი

სატელევიზიო და ონლაინ მედიაში ფოფხაძის სხვადასხვა კომენტარი გავრცელდა მის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით. იმის დასაზუსტდებლად, ნამდვილად ტოვებს თუ არა დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას, ნეტგაზეთი მას მოგვიანებით ისევ დაუკავშირდა. დეპუტატი ამბობს, რომ დამატებით აღარაფრის დაზუსტებას აპირებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნეტგაზეთმა ფოფხაძეს ჰკითხა, არის თუ არა შანსი, რომ მან საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვოს?

“ნაკლებად სარწმუნოა [რომ გადავიფქრო დატოვება]… მერე თუ ვიტყვი, რომ გულმოსულზე ვთქვი-მეთქი, მაგის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ, რომ გულმოსულ ნათქვამს დავაბრალო ის, რაც ვთქვი. რაც ვთქვი, ვთქვი”, – ამბობს დეპუტატი.

“არ ვაცხადებ არაფერს დამატებით. გარკვეული დროის შემდეგ მშვიდად გამოვალ და საზოგადოების წინაშე ჩემს პოზიციას ჩამოვაყალიბებ”.


პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ნინია კაკაბაძემ და ია მამალაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღეს. ამის შემდეგ კი კაკაბაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა პარლამენტს. პირველ კენჭისყრაზე პარლამენტმა კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, ხოლო დღეს აირჩია.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა – უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარალმენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დევდარიანის ნაცვლად ომბუდსმენმა პარლამენტს იზაბელა ოსიპვას კანდიდატურა დაასახელა.

ამავე თემაზე გირჩევთ

მამუკა მდინარაძე: გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი

კილაძის მოსაზრებით, ფოფხაძემ უმრავლესობიდან გასასვლელად კაკაბაძის ბორდში არჩევა მოიმიზეზა

ადა მარშანია: ვიმედოვნებ, გედევან ფოფხაძე ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს განიხილავს

ფოფხაძე: მე ახლა დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი