მწეველები და არამწეველები ერთ საკანში – ომბუდსმენის ანგარიში პატიმრების მდგომარეობაზე

სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მდგომარეობაზე და მათ საცხოვრებელ პირობებზე.

ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, უმთავრეს პრობლემას მოქმედი დაწესებულებების სიდიდე, არქიტექტურული დიზაინი და პატიმართა განთავსების პრაქტიკის თავისებურება წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, მწეველები და არამწეველები ერთად ცხოვრობენ რუსთავის (N17) და გეგუთის (N14) დაწესებულებებში.

“პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ N14 და N17 დაწესებულებებში კვლავაც ფუნქციონირებს ძველი, ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებლები, სადაც მწეველი და არამწეველი პატიმრები ერთ სივრცეში ცხოვრობენ, რთულია სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მაღალია ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

მათივე შეფასებით, ასეთი ტიპის საცხოვრებელი უსაფრთოხების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოშობს, ვინაიდან პირადი სივრცის არქონის პირობებში მეტია პატიმართა შორის კონფლიქტის რისკი.

ანგარიშის თანახმადვე, ექვს დაწესებულებაში (N2, N8, N12, N14 , N15, N17 დაწესებულებებში) კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ყველა მსჯავრდებულის პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური პირადი ფართით უზრუნველყოფა.

მათი შეფასებით, ეს გამოწვეულია არა ადგილების არასაკმარისი რაოდენობით, არამედ – დაწესებულებაში პატიმართა შეუსაბამო განთავსებით.

“მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად ღია ტიპის სხვა დაწესებულებებში არის ლიმიტით განსაზღვრული ადგილების საკმარისი რაოდენობა, N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რაოდენობა, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დადგენილ ლიმიტს 328-ით აღემატება,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების მხრიდან
პატიმრებზე ფიზიკური ძალადობის გამოძიების მოთხოვნით 2017 წელს სახალხო დამცველს პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

“მიუხედავად ამისა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა. ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად საჭიროა, ერთი მხრივ, ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, დოკუმენტირების, საგამოძიებო ორგანისათვის შეტყობინების ეფექტური მექანიზმის დანერგვა და, მეორე მხრივ, არსებული სხვადასხვა სარისკო პრაქტიკის აღმოფხვრა,”- ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი