საზოგადოება

ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია — ომბუდსმენის ანგარიში

3 აპრილი, 2023 • 1058
ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია — ომბუდსმენის ანგარიში

„ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია“, — განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

მან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში წარადგინა. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ ომბუდსმენად მისი არჩევის დროისთვის ანგარიში, ფაქტობრივად, დასრულებული იყო და მას არანაირი კორექტივები არ შეუტანია.

„ანგარიში მომზადებულია იმდაგვარად, ისეთი ფორმით, როგორც ეს სწორად მიაჩნდა წინა სახალხო დამცველს და როგორც გააზრებული ჰქონდა აპარატს“, — განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. დოკუმენტი 347- გვერდიანია.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები

სახალხო დამცველის ანგარიშში უარყოფით მოვლენებს შორის განხილულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნა, რომელთაც დღესდღეობით გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის არანაირი ინსტიტუციური გარანტიები არ აქვთ.

ასევე, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემუშავებული წინაპირობები სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან დაკავშირებით. შედეგად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა მიმდინარეობს და არც სასამართლო კანონმდებლობის დახვეწისა და ხარვეზების აღმოფხვრის პროცესი.

ნეგატიურ მოვლენათა შორისაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება (2022 წელს) და შემდგომ მისი ინიციირება.

„კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება. არაერთი გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს, ან იკვეთება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მაგალითად, აშკარა პოლიტიკური ელფერი ჰქონდა ნიკა გვარამიას და ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას“, — ნათქვამია ანგარიშში.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით არ/ვერ შესრულდა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 14 თვის განმავლობაში ეპიზოდურად მნიშვნელოვნად მძიმდება, ხოლო უკანასკნელი თვეების განმავლობაში მკვეთრად არის გაუარესებული და ფასდება როგორც მძიმე. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პაციენტის მართვა ვერ ხერხდება პროაქტიულ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები სხვადასხვა გართულებაზე რეაგირებით შემოიფარგლება, მრავალი კვლევის მიუხედავად არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების დინამიკა, დამძიმებული მდგომარეობის ხანგრძლივობა, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და პროგნოზები, ექსპერტთა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გარემოებები და მდგომარეობის ლეტალურ გამოსავლამდე დამძიმების მაღალი რისკები, ამ საქმეს აქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სივრცეში. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად“, — ნათქვამია ანგარიშში.

მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, ომბუდსმენის აზრით, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში ქვეყანაში შეინიშნება გამოხატვის თავისუფლების უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ნივთის დაზიანება, თავდასხმა, დევნა, მუქარა, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, სავარაუდო არაკანონიერი მიყურადება. ომბუდსმენის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს აღრმავებს ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გატარებული ცვლილებებიც, რასაც ადასტურებს მედიაორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების სიმრავლეც.

„საანგარიშო პერიოდში კვლავ ადგილი ჰქონდა შეკრების უფლების შეზღუდვას. გრძელდებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით. ეს პრაქტიკა 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება და ის ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების საქმეზე ჩატარებული გამოძიება. თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რადგან სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა კონკრეტულ პირთა მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები და მათი პიროვნება“, — ნათქვამია ანგარიშში.

დემოკრატიული სივრცის შეზღუდვის ფონზე, სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2022 წლის 6 სექტემბერს შეტანილი ცვლილებები (ე.წ. მოსმენების კანონი), რომლითაც საგამოძიებო უწყებებს შესაძლებლობა მიეცა, უფრო ხანგრძლივად ჩაატარონ ფარული საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას. ფარული მიყურადების კანონმდებლობასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოაქვს.

სახალხო დამცველი კვლავ ამახვილებს ყურადღებას პენიტენციური სისტემაში არაფორმალურ მმართველობაზე და ამბობს, რომ დღემდე შეუსრულებელია რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით.

„კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პრობლემურია პატიმრებისათვის სომატურ და ფსიქიატრიულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა პატიმრის გარდაცვალების მიზეზიც გახდეს. კვლავ გაუმართავია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი, ვინაიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოები ხშირად იდენტური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ“, — ნათქვამია ანგარიშში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ომბუდსმენი კვლავ გამოწვევად მიიჩნევს სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობას და იმ ფაქტს, რომ პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით სრულად არ არის დაფარული. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შემოწმებულ პოლიციის დაწესებულებაში კამერების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ეს ტენდენცია, ომბუდსმენის შეფასებით, არასათანადო მოპყრობის პრევენციის თვალსაზრისით განსაკუთრებულად საგანგაშო და მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯია.

ანგარიშში მოხვდა ნინოწმინდის პანსიონის საქმე, რომლის გამოძიების პროცესში, ომბუდსმენის შეფასებით, მნიშვნელოვანი და არსებითი ხარვეზებია. რიგ შემთხვევებში, 2016 წელს დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება და პასუხისგებაში არავინ მიცემულა. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონში 10 აღსაზრდელი იმყოფებოდა და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მათი ალტერნატიული ზრუნვის სერვისში გადაყვანა.

სახალხო დამცველის შეფასებით, წლებია არ გაუმჯობესებულა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული ვითარება. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს გაზრდილია ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის შემთხვევები. კერძოდ, 2022 წელს 25 ქალის მკვლელობისა და 37 ქალის მკვლელობის მცდელობა გამოვლინდა.

სიღარიბე, განსაკუთრებით კი ბავშვთა სიღარიბე, ომბუდსმენის შეფასებით, კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 330 148 შეადგინა. ბავშვთა სიღარიბის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმი.

სახალხო დამცველი ეხმაურება გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხსაც. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაბარება არ შეესაბამება არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას.

საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა. მოამზადა 24 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 21 კონსტიტუციური სარჩელი, 20 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, 1 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის და 5 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი