ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი დააკავეს

29 მარტი, 2018 • 1724
სუს-ის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი დააკავეს

სუს-ის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების  განყოფილების თანამშრომლები:  გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, ამ პირბმა მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სხვადასხვა კომპანიებს ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების უფლება მისცეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების  განყოფილების თანამშრომლებს: გენო ქ-ს, ემზარ ც-ს, მამუკა ა-ს,  ირაკლი ხ-ს  და რამაზ კ-ს., საჯარო  ინტერესის საწინააღმდეგოდ,დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ქმედების ჩადენის შედეგად მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით შეუთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ ინერტული მასალის – ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას.

გენო ქ-მ,  ემზარ ც-მ, მამუკა ა-მ, ირაკლი ხ-მ, და რამაზ კ-მ 2017-2018 წლებში არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლების უკანონო ქმედებებში მხილებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად, თავისი უმოქმედობით და ყალბი დოკუმენტების შედგენის შედეგად, საშუალება მისცეს იმავე კომპანიების წარმომდგენლებს, მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის, ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია,”- აცხადებს სუს-ი.

უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341 მუხლით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი