ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის ქვეყნებს, დაადასტურონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულება

17 ოქტომბერი, 2013 • • 1057
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის ქვეყნებს, დაადასტურონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულება

2013 წლის 11-14 ოქტომბერს დუბროვნიკში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიღებული იქნა რეზოლუცია სახელწოდებით „Furthering stability and the Euro-Atlantic Prospects of the Western Balkans”, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის მოხსენიებული. 

 

რეზოლუცია მოუწოდებს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ერთგულება და განიხილონ 2014 წლის ნატო-ს სამიტზე გაფართოების პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საკითხი. 

 

„მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, დაადასტურონ თავიანთი ერთგულება დასავლეთ ბალკანეთისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის მიმართ და ნატოს 2014 წლის სამიტზე განიხილონ  ნატოს გაფართოების პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა,  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიერთების პროცესი ორიენტირებულია  სტანდარტების შესრულებაზე და არა კალენდარულ თარიღებზე, და რომ თითოეული კანდიდატი შეფასდება  დამსახურების მიხედვით, ნატოს მიერ დადგენილი კრეტერიუმებისა და პირობების საფუძველზე,“ – ნათქვამია  რეზოლუციაში. 

 

ასევე, რეზოლუციის თანახმად, ასპირანტი ქვეყნების ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განსახორციელებლად და ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას.

 

„ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, საქართველოს, მონტენეგროსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის- მაკედონიის ნატოში გაწევრიანება, ისევე, როგორც ევროკავშირში ყველა ასპირანტი ქვეყნის ინტეგრაცია, მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები  გაწევრიანების კრიტერიუმებს შეასრულებენ, წარმოადგენს თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის, როგორც მთლიანი ორგანიზმის იდეის რეალიზაციის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს და საკვანძო ელემენტს რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებისა და მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“- ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო რეზოლუციაში. 

 

ამასთანავე, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ასამბლეა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება და შთაგონებულია ნატო-ს გაფართოების წინა ტალღების თვალსაჩინო წარმატებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი