საზოგადოება

„არ მიგვიწვიეს თუ არ წავედით?“ — საქართველო ნატო-ს შეხვედრებს მიღმა

13 მაისი, 2022 • 2452
„არ მიგვიწვიეს თუ არ წავედით?“ — საქართველო ნატო-ს შეხვედრებს მიღმა

ნატო-ს ეგიდით ორი მაღალი დონის შეხვედრა იმართება, რომლებზეც პარტნიორი ქვეყნები მიწვეული არიან, თუმცა საქართველო დღის წესრიგში არ ფიგურირებს.

14-15 მაისს გერმანიაში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც მიწვეულნი არიან შვედეთი და ფინეთი. უკრაინაში ომის შედეგად, ეს ორი ქვეყანა, რომელთაც ომის დროს ნეიტრალიტეტის დიდი ისტორია აქვთ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს. შეხვედრას უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეოანა.

19 მაისს კი ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის ძალების მეთაურთა შეხვედრა გაიმართება. ალიანსის სამხედრო კომიტეტი ბრიუსელში შეიკრიბება. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეუერთდება თავდაცვის მეთაურებს პირველ სესიაზე, რათა განიხილოს გეოსტრატეგიული კონტექსტი და ივნისში მადრიდის სამიტისთვის მზადება. მეორე სესია უკრაინაში რუსეთის ომს დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის პარტნიორი ქვეყნები — ფინეთი, შვედეთი და უკრაინა. მესამე სესია ფოკუსირებული იქნება ევროატლანტიკური ზონის შეკავებისა და თავდაცვის კონცეფციის (DDA) განხორციელებაზე, ასევე, ნატო-ს გრძელვადიან პოზიციაზე. შემდეგ თავდაცვის ძალების მეთაურები შეხვდებიან ნატო-ს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს: ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიასა და კორეის რესპუბლიკას, რათა განიხილონ რეგიონული მოვლენები.

ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, საქართველო არცერთ ზემოაღნიშნულ შეხვედრაში არ მონაწილეობს. „ნეტგაზეთმა“ შესაბამისად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, თუმცა არ მიუღია პასუხი, მიწვეულია თუ არა საქართველო შეხვედრებზე და თუ არა — რატომ?

თეონა აქუბარდია

უკიდურესად საგანგაშოდ აფასებს 14-15 მაისის და 19 მაისის შეხვედრებზე საქართველოს არმონაწილეობას პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია. მან საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მიმართა სადეპუტატო კითხვით:

  1. რატომ არ არის საქართველო ამ შეხვედრებზე წარმოდგენილი?
  2. რა გააკეთა/ან არ გააკეთა უწყებამ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო მინისტერიალზე წარმოდგენილი?
  3. რა ნაბიჯებს დგამს საგარეო საქმეთა სამინისტრო ალიანსის წევრებთან კომუნიკაციის კუთხით ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოს ნატოში წევრობის უზრუნველყოფის მიზნით პოლიტიკური და პრაქტიკული შედეგების მისაღებად.

„ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული შეხვედრების სტრატეგიული მნიშვნელობის გამო და საქართველოს ნატო-ში წევრობის მისაღწევად უკიდურესად საგანგაშოა, რომ არცერთ შეხვედრაში არ არის ოფიციალურად მითითებული საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა. ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ განსხვავებით ფინეთისგან და შვედეთისგან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იქნა ინიცირებული არცერთი საკითხი და საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს ამ უკიდურესად მნიშვნელოვან შეხვედრებზე როგორც ჩვენი ქვეყნის ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ალიანსთან თანამშრომლობით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, — ნათქვამია თეონა აქუბარდიას წერილში საგარეო უწყებისადმი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, მისი მინისტრობის პერიოდის ჩათვლით (2016 წლის აგვისტომდე), არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ოფიციალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებზე, სადაც არაწევრი პარტნიორები მონაწილეობდნენ, საქართველო არ მიეწვიათ.

„სამხედრო ხელმძღვანელების შეკრებაზე, რომელიც ნატოს ეგიდით იმართება, დაპატიჟებულია ალიანსის უკლებლივ ყველა არაწევრი პარტნიორი ქვეყანა, საქართველოს გარდა. ასეთი ფორმატი, იმ პერიოდის ჩათვლით, სანამ მინისტრი ვიყავი, არ არსებულა. თუკი სადმე მიწვეული იყვნენ „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი“ (EOP) ქვეყნები, რომელ კლუბშიც ვართ ჩვენ, საქართველო ყოველთვის ყველგან იყო. არათუ ოფიციალურ ან არაფორმალური მინისტერიალები, არამედ ვახშამი რომ იმართებოდა, იქაც გვეპატიჟებოდნენ. ამიტომ ჩემთვის ეს არის პირველ რიგში ძალიან მოულოდნელი და მძიმე ფაქტი. რით არის გამოწვეული, ხელისუფლებამ უნდა გვითხრას და არ უნდა მივცეთ უფლება თავდაცვის სამინისტროს, თავი აარიდონ ამ კითხვას“, — ამბობს ხიდაშელი.

ის არ გამორიცხავს, საქართველოს თავად ეთქვა უარი შეხვედრებში მონაწილეობაზე და წარსულიდან ასეთ შემთხვევასაც იხსენებს.

„უკიდურეს რაღაცას გეტყვით — ზუსტად ვიცით, რომ არ მივუწვევივართ?! იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ერთი შეხვედრა, ჩემი წასვლის შემდეგ, 2016 წლის შემოდგომის მინისტერიალზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი იხილებოდა. იქ უბრალოდ არ წავიდა ჩვენი თავდაცვის მინისტრი [ლევან იზორია]. ამ შემთხვევაში, მე ისიც არ ვიცი, არ დაგვპატიჟეს თუ არ წავედით. მთელი იმ რიტორიკის და ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, იმ აბსურდების ფონზე, რასაც პრემიერი საუბრობს, არ გამიკვირდება, რომ მეორე შემთხვევაც იყოს სახეზე. სანამ არ გვაქვს რამე თუნდაც ზედაპირული პასუხი ხელისუფლების მხრიდან, ძნელია თქმა, სინამდვილეში რა მოხდა. მაგრამ თუკი ოდესმე სადმე ვინმე დაუპატიჟებიათ ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, საქართველო ყოველთვის სიის თავში იყო. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა და არასოდეს ბრიუსელს ეს შეცდომა არ მოსვლია. ამიტომ ძალიან ცუდის ნიშანი შეიძლება იყოს, თუ სინამდვილეში არ დაგვპატიჟეს და უბრალოდ მეშინია პროგნოზებზე საუბარიც კი, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს“, — ამბობს ხიდაშელი.

საყურადღებოა, რომ ნატო-ს ეგიდით დაგეგმილი შეხვედრების გარდა, საქართველო არ მონაწილეობს 12-14 მაისს ვაისენჰაუსში, გერმანიაში გამართულ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელზეც უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს.

საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი ლაშა ძებისაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ საქართველო არასათანადოდ არის წარმოდგენილი საერთაშორისო პლატფორმებზე, სადაც უკრაინაში რუსეთის ომი და მისი გლობალური შედეგები განიხილება და ეს ორ რამეზე მეტყველებს:

  • საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს სურვილი ურთიერთობების გაღრმავების;
  • დასავლეთს არ მიაჩნია საქართველო სათანადო პარტნიორად.

მიმდინარე კვირას გერმანიაში მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრები არ არის გამონაკლისი, სადაც საქართველო მიწვეული არ არის. აპრილის ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად 40 ქვეყანას უმასპინძლა. ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიწვეულ ქვეყნებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იაპონია ან ავსტრალია, ასევე, ისრაელი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფინეთი და შვედეთიც. მათ შორის არ იყო საქართველო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.

ასევე, თავდაცვის სამინისტრომ მაშინ ხაზი გაუსვა, რომ რამშტაინის ბაზაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული შეხვედრა არ გამართულა ნატოს ეგიდით, ხოლო ალიანსის ეგიდით გამართულ შეხვედრებში საქართველო, როგორც წესი, მონაწილეობს — თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდა თავდაცვის ორივე მინისტერიალს 17 თებერვალსა და 16 მარტს. თუმცა ახლა, როცა საქართველო ნატო-ს ეგიდით დაგეგმილ იმ შეხვედრებშიც არ ფიგურირებს, სადაც სხვა EOP პარტნიორები (ფინეთი და შვედეთი) ან უკრაინა მონაწილეობენ, თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

რაზე შეთანხმდნენ რამშტაინის ბაზაზე და რატომ არ იყო იქ საქართველო

რაზე შეთანხმდნენ რამშტაინის ბაზაზე და რატომ არ იყო იქ საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი