რომ ვარსებობ, იმისთვისაც ხომ არ მოვიხადო ბოდიში?! – გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ქრისტეზე მისი განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის ეთერში განაცხადა.

“თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი (და ეს პირველად არ მომხდარა), ეს არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. ამიტომ ვთვლი, რომ არავისთან საბოდიშო არ მაქვს. ვიღაცისთვის შესაძლებელია ჩემი არსებობაც შეურაცხმყოფელია, ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხდო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? მე ამას არ გავაკეთებ. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ”, – განაცხადა გბუნიამ.


რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არხის სახელით ბოდიშს იხდის გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო. როგორც გვარამია ამბობს, განცხადება მორწმუნეების პირად რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა, რაც არხის სარედაქციო პოლიტიკას ეწინააღმდეგება:

“არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენ მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენ მიერ ქრისტეს მიმდევრად. შესაბამისად, ამ ადამიანებს, ცხადია, არ ვგულისხმობთ. დღეს დილიდან რუსთავი ორის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო და ყველას შევახსენებ, რომ ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება, იგი ყველა ქრისტიანული კონფესიის საკუთრებaა და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს” – თქვა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

ნიკა გვარამის თქმით, აღნიშნული საკითხი განიხილა ტელეკომპანიის ეთიკის კომისიამ და გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადეს:

“ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადოს იმის გამო, რომ მისი აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს. მით უფრო იმ გარემოებაში, როცა ამის ლეგიტიმური და კრიტიკული საფუძვლები არ არსებობს, აღნიშნული ქმედებისგან ჟურნალისტმა თავი უდნა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენს ორგანიზაციაში ამგვარი განცხადებების განხილვა მოხდა”, – ამბობს გვარამია.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, გიორგი გაბუნიას განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, ტელეკომპანია ვერ და არ აიძულებს ჟურნალისტს, ბოდიში მოიხადოს:

“საკუთარ პოზიციას იგი დააფიქსირებს,  თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. არხს შეუძლია მხოლოდ საკუთარი სარედაქციო დამოკიდებულება გამოხატოს, თუმცა ის ვერ და არც აიძულებს ჟურნალისტს, გამოხატოს საკუთრი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადოს და ა.შ.” – ამბობს გვარამია.

“ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ ტელეარხის ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. ჟურნალისტმა აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო”.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი ძალადობის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები. პარალელურად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც.

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. “ქართული მარშის” წევრებმა ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც გიორგი გაბუნია (რ2-ის წამყვანი) და თამთა მურადაშვილი (იურისტი) იმყოფებოდნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა  დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეარხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

“გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული,” – ნათქვამია განცხადებაში.

არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, ამჟამად ერაძე ჰოსპიტალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ქრისტეზე ხუმრობის გამო რუსთავი 2 ბოდიშს იხდის, გაბუნიას კი საყვედური გამოუცხადეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com