ახალი ამბები

საპატრიარქო: ნიკა გვარამიამ კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა თვითონ ითხოვა

17 მარტი, 2018 • 1691
საპატრიარქო: ნიკა გვარამიამ კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა თვითონ ითხოვა

საპატრიარქოს განცხადებით, ტელეკომპანია რუსთვი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ თვითონ ითხოვა კათალიკოს- პატრიარქთან შეხვედრა.

“ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას  ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც,”-წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეხვედრის მიზანი იყო  ნიკა გვარამიას ილია მეორესთვის ეთქვა, რომ მას სურს საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება სთხოვოს.

“კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია  და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა,  თუ როგორ იმოქმედებს,”-ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა გვარამიამ საპატრიარქოს ამ განცხადებას რუსთავი 2-თვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა. მისი თქმით, შეხვედრა საერთო სურვილით შედგა.

“ახლა წავიკითხე საპატრიარქოს გამოხმაურება, რომ ეს შეხვედრა ჩემი მოთხოვნით კონკრეტული სამღვდელო პირის შუამავლობით იყო. ჯერ ერთი, არსად არ მითქვამს, რომ პატრიარქმა დამიბარა, ეს ერთგვარად საერთო სურვილი იყო. მე არავისთვის მითხოვია, გინდა თუ არა უნდა მიმიღეთ-მეთქი. ყოველთვის მზად ვარ პატრიარქთან შესახვედრად,”-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ილია მეორეს 15 მარტს შეხვდა. მანამდე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ადვოკატის სტატუსით, დეკანოზ გიორგი მამალაძესაც შეხვდა. როგორც ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა,  შეხვედრაზე ილია მეორეს, სხვა საკითხებთან ერთად, დეკანოზ მამალაძეზეც ესაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი