ევროპული საქართველო მთავრობას დიდი ბრიტანეთის ღია მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

“ევროპული საქართველო” საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ ღიად, ოფიციალურად დაუჭირონ მხარი დიდ ბრიტანეთს და ბრიტანელი ხალხის წინააღმდგე განხორციელებული აგრესიის ფონზე საკუთარი მოკავშირის გვერდით დადგეს.

“ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის და საპარლამენტო უმცირესობა გმობს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და ბრიტანელ ხალხს. ასევე, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ერთობლივ განცხადებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, ადამიანების გატაცებებისა და მკვლელობების გამო.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დიდი ბრიტანეთის ოფიციალური და ღია მხარდაჭერისკენ. ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე საქართველო საკუთარი მოკავშირის გვერდით უნდა დადგეს,”- აცხადებს ევროპული საქართველო.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს. ასვე,  მათი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. სერიოზულია იმ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც პირველი მიუახლოვდა ქუჩაში გონდაკარგულ მამა-შვილს.  დიდი ბრიტანეთი მომხდარს ქიმიურ თავდასხმად აფასებს და მასში რუსეთს ღიად ადანაშაულებს. სწორედ ამის გამო, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა, გარდა ამისა, რუსეთს სხვადასხვა ტიპის საქნციას დაუწესებენ. რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს აშშ-ც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მომხდარს”ტვიტერზე” გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ მკაცრად გმობს სოლსბურიში მამა-შვილ სკრიპალების მოწამლვის ფაქტს. ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ბრიტანელი ხალხისა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის გვერდით დგას, ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თბილისი მხარს უჭერს ლონდონს სიმართლის ძიებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი