ახალი ამბები

ჩერგოლეიშვილი “ტაბულას” ტოვებს და “ევროპული საქართველოს” წევრი ხდება

10 ნოემბერი, 2023 • 4885
ჩერგოლეიშვილი “ტაბულას” ტოვებს და “ევროპული საქართველოს” წევრი ხდება

თამარ ჩერგოლეიშვილი “ტაბულას” ტოვებს და პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი ხდება. აღნიშნულის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პარტია გეგმავს, პრაიმერიზის გზით შეადგინოს საარჩევნო სია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. მისი თქმით, თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, პარლამენტში მოსახვედრად თავადაც იბრძოლებს.

“პრაიმერიზით შევარჩევთ 2024 წლის საპარლამენტო სიას, რადგან ამოცანა გვაქვს, ისეთი კანდიდატები გვყავდეს, რომლებიც საუკეთესოდ უკეთებენ ჩვენს ამომრჩეველს გალვანიზაციას და მოტივაციას აძლევენ მათ, რომ არჩევნებზე მივიდნენ, სხვებიც დაარწმუნონ და ა.შ.

ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ პრაიმერიზს და თუ “ევროპული საქართველოს” ამომრჩეველი მენდო და მოისურვა, რომ პარლამენტში ვიყო მათი წარმომადგენელი და დავიცვა მათი ინტერესები, მაგ შემთხვევაში ვიბრძოლებ 2024 წლის არჩევნებში”, — დასძენს თამარ ჩერგოლეიშვილი.

11 ნოემბერს “ევროპული საქართველო” კონფერენციის ჩატარებას გეგმავს. როგორც პარტიაში ამბობენ, ღონისძიებაზე ამომრჩეველს თავიანთ ხედვებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი