ახალი ამბები

ნიკი ჰეილი: თუ ზომებს არ მივიღებთ, შესაძლოა, რუსეთმა ქიმიური იარაღი ნიუ-იორკშიც გამოიყენოს

15 მარტი, 2018 • 2029
ნიკი ჰეილი: თუ ზომებს არ მივიღებთ, შესაძლოა, რუსეთმა ქიმიური იარაღი ნიუ-იორკშიც გამოიყენოს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი, აცხადებს, რომ აშშ სრულ მხარდაჭერას უცხადებს დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში.

“ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი დიდ ბრიტანეთში ორი ადამიანის სამხედრო დონის ქიმიური ნივთიერების მოწამვლაში”, – ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 14 ივლისს ისაუბრა.

ნიკი ჰეილის განცხადებით, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაუყოvნებლივი და კონკრეტული ზომები არ იქნება მიღებული, ის ქიმიურ იარაღს სხვაგანაც გამოიყენებს.

“შესაძლოა, ის გამოიყენონ ნიუ-იორკში ან ნებისმიერი იმ ქვეყნის ქალაქში, რომელიც ამ საბჭოს წევრია”, – თქვა ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

უშიშროების საბჭო დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით საგანგებოდ შეიკრიბა, სადაც განიხილეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტისა და მისი შვილის ქიმიური ნივთიერებით, “ნავიჩოკით” მოწამვლის ფაქტი. დიდი ბრიტანეთი დარწმუნებულია, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის უკან რუსეთი დგას, რადგან ნივთიერება, რომელიც მათ მოსაწამლად გამოიყენეს, მხოლოდ რუსეთში იწარმოება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა, გარდა ამისა, ბრიტანეთი რუსეთს დაუწესებს გარკვეულ სანქციებს, გაუყინავს აქტივებს, რომელიც შესაძლოა ემუქრებოდეს ბრიტანეთის მოქალაქეების სიცოცხლესა და საკუთრების უფლებას. გაძლიერდება კონტროლი რუსეთიდან მიმავალ ავიარეისებსა და სატვირთო გადაზიდვებზე.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს. კრიტიკულ მდგომარეობაშია პოლიციელი, რომელიც პირველი მიუახლოვდა გონებადაკარგულ სკრიპალებს.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი