ახალი ამბები

ექსპერტიზის პასუხი ცნობილია: ყოფილი რუსი ჯაშუში ბრიტანეთში შვილთან ერთად მოწამლეს

7 მარტი, 2018 • 3474
ექსპერტიზის პასუხი ცნობილია: ყოფილი რუსი ჯაშუში ბრიტანეთში შვილთან ერთად მოწამლეს

ექსპერტიზის შემდეგ ბრიტანეთის პოლიცია დადასტურებით აცხადებს, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს. ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას. ნერვულ აგენტს განეკუთვნება ცნობილი საწამლავი ზარინის გაზი, რომელიც ბოლო წლებში სირიაში არაერთხელ გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ბრიტანეთის პოლიცია არ ასახელებს, კონკრეტულად რა ნივთიერებით მოწამლეს 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია. მათი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. სერიოზულია იმ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც პირველი მიუახლოვდა ქუჩაში გონდაკარგულ მამა-შვილს.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. როგორც ბრიტანული მედია წერს, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის სავარაუდო მოწამვლამ ყველას გაახსენა რუსეთის დაზვერვის ასევე ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლა და სიკვდილი. ლიტვინენკო ბრიტანეთში 2006 წელს გაიქცა, საიდანაც ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდა. ის მალევე მოწამლეს პოლონიუმით. ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) მოკლა.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სკრიპალების მოწამვლაში რუსული კვალი გამოჩნდება, ბიტანეთი მას “ძლიერ” პასუხს გასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი