ახალი ამბებიხელოვნება

დავით გარეჯის შესწავლასა და აღდგენაზე ევროპული ორგანიზაცია იზრუნებს

15 მარტი, 2018 • 4101
დავით გარეჯის შესწავლასა და აღდგენაზე ევროპული ორგანიზაცია იზრუნებს

დავით გარეჯი “ევროპა ნოსტრის” საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცველი ევროპული ორგანიზაცია გარეჯის შესწავლასა და მისი აღდგენისთვის ფინანსების მოძიებაზე იზრუნებს.

დღეს, 15 ნოემბერს, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა დვალიშვილმა განაცხადა, რომ ეს ნიშნავს დავით გარეჯის ისტორიული, კულტურული სახელოვნებო მნიშვნელობის აღიარებას.

“ეს არის აღიარება იმის, რომ ძეგლი წარმოადგენს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირებულ ადგილს, რომელზე ზედამხედველობაც და მისი დაცვაც უნდა აიღოს ევროპულმა კულტურულმა მემკვიდრეობამ”, – განაცხადა მაკა დვალიშვილმა.

დავით გარეჯი “ევროპა ნოსტრის” ნუსხაში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა წარადგინა. 2017 წლიდან ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი.

მაკა დვალიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ნომინაციის შემდეგ, 2018 წლის შემოდგომაზე, საერთაშორისო სპეციალისტები ჩამოვლენ, რომლებიც შეისწავლიან ძეგლის მდგომარეობას და შეიმუშავებენ მისი განვითარების გეგმას. რის შემდეგადაც დაიწყება რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების მოძიება.

სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის მონასტერზე სახელმწიფო ზრუნავს, თუმცა ეს ნომინაცია მნიშვნელოვანია იმით, რომ დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ “ევროპა ნოსტრა” ფინანსებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოიძიებს, მათ შორის ევროპის საინვესტიციო და ევროპის განვითარების ბანკებში.

“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენთვის”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით გარეჯის მონასტერთან ერთად “ევროპა ნოსტრის” ნომინანტებს შორის წარდგენილი იყო ჭიათურის საჰაერო-საბაგირო გზები, რომელიც კულტურის სამინისტრომ წარადგინა აღნიშნული ნუსხაში შესატანად. ორივე ძეგლმა გადალახა პირველი ეტაპი და 12 ნომინანტს შორის დასახელდა, თუმცა საბოლოო ფინალისტებს შორის დავით გარეჯი შეარჩიეს.

დავით გარეჯის მონასტერთან ერთად ნომინანტებს შორის მოხვდა პოსტბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპიოია და ვითკუქში (ალბანეთი), ვენის ისტორიული ცენტრი (ავსტრია), ბუჟლუზას მონუმენტი (ბულგარეთი), კონსტანტას კაზინო (რუმინეთი), პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლის შენობა (თურქეთი),  გრიმსბის ყინულის ქარხანა (გაერთიანებული სამეფო).

დავით გარეჯის მონასტერი მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარშია აშენებული. მას შემდეგ, დროთა განმავლობაში, მონასტერი ვითარდებოდა და ერთიანი კომპლექსი შეიქმნა. კომპლექსში არის გამორჩეული კედლის მხატვრობა, რომელიც VIII-XVIII საუკუნის ჩათვლით ვითარდებოდა.

ქანების დაშლის გამო დავით გარეჯი დაზიანების საფრთხის წინაშეა. მონასტერი განსაკუთრებით დაზიანდა 1980–იან წლებში, რადგანაც მის მახლობლად საბჭოთა არმიის საწვრთნელი ბაზა იყო განლაგებული და აფეთქებებით გამოწვეული ტალღები აზიანებდა მონასტერს.

“ევროპა ნოსტრა” საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპული გაერთიანებაა, რომელიც 40 ქვეყანას აერთიანებს. ის 1963 წელს დაარსდა და მიზანი ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა. ორგანიზაციის პრეზიდენტი ოპერის მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი