ბუკმეიკერების აზრით, ევროვიზიაზე საქართველო ერთ-ერთი აუტსაიდერია

“ევროვიზია 2018”-ზე საქართველოს ეთნოჯაზ-ბენდი “ირიაო”, სიმღერით “შენი გულისთვის” 10 მაისს წარადგენს

როგორც ფეხბურთსა და ზოგადად სპორტზე, საბუკმეიკერო კანტორებში ევროვიზიის შედეგებზეც იდება ფსონები, რის მიხედვითაც შესაძლოა გაიგო, ბუკმეიკერების გათვლებით, კონკურსში გამარჯვების როგორი შანსები აქვს ამა თუ იმ ქვეყანას.

Oddschechek-ზე გამოქვეყნებული ფსონების შეფასებით, შეგვიძლია გავარკვიოთ, როგორი მოლოდინები აქვთ ბუკმეიკერებს.

ფსონების სტატისტიკის მიხედვით, ბუკმეიკერების აზრით, მოგების ყველაზე დიდი შანსი ისრაელს აქვს – 1/2-ზე. ანუ თუ ისრაელზე 1 ლარს დადებთ და გაგიმართლებთ, სულ მხოლოდ 2 ლარს მოიგებთ.

საქართველო ფსონების სტატისტიკაში 42 ქვეყანას შორის 37-ე ადგილს იკავებს.

Bet365-ის მიხედვით, საქართველოს მოგების შანსი 1/250-თან შეფარდებაშია. ანუ თუ საქართველოს გამარჯვებაზე ერთ ლარს დადებთ და თქვენი პროგნოზი გამართლდება, 250 ლარს მოიგებთ.

WilliamHill-ის მონაცემებით, საქართველოს ფსონი 1/100-ია. ყველაზე ოპტიმისტური ფსონი Betfair-ს და PeddyPower-ს აქვს- 1/66.

ფსონების მიხედვით, მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი 21-ე და 22-ე ადგილებს ინაწილებენ. უკრაინა მათ შემდეგ, 23-ე ადგილზეა.

“ევროვიზია 2018” პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. პორტუგალიას მასპინძლის სტატუსი კიევში ჩატარებულ ევროვიზიაზე პორტუგალიელი სალვადორ სობრალის გამარჯვებამ მოუტანა. პორტუგალია, ფსონების მიხედვით, მე-18 ადგილზეა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს სიმღერის ვიდეორგოლს, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება.

წელს ევროვიზიაზე საქართველოდან ჯაზბენდი “ირიაო”, სიმღერით – “შენი გულისთვის” გაემგზავრება.  სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება- მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com