ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა გავიგეთ თბილისისა და მოსკოვის ღია მიმოწერისაგან? – სპეციალისტების შეფასებები

14 მარტი, 2018 • 2346
რა გავიგეთ თბილისისა და მოსკოვის ღია მიმოწერისაგან? – სპეციალისტების შეფასებები

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე რუსეთის საგარეო უწყების პასუხს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტები აფასებენ. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ტექსტის შინაარსისა, არსებით ცვლილებას ორი ქვეყნის ურთიერთობებში არ ელიან.

“ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორ კახა გოგოლაშვილის თქმით, პერმიერის განცხადებითა და რუსეთის პასუხით დაძაბულობის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა სხვა სახის ცვლილება მოსალოდნელი არ არის:

“ორი ადამიანი გადმოგვცეს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ. ამით რაღაცნაირად აჩვენებენ თავიანთ კმაყოფილებას იმით, რომ საქართველომ რუსეთს უხერხული მდგომარეობა არ შეუქმნა საერთაშორისო ასპარეზზე. პრემიერს თავისუფლად შეეძლო  მკვახე განცხადებები გაეკეთებინა და შეეხსენებინა რუსეთისთვის ყველა ის ცინიზმი, რითაც სავსეა მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ამ თვალსაზრისით, რუსეთმაც შეარბილა ტონი, შეიძლება ითქვას, რომ ესკალაციას და დაძაბულობას არ უნდა ველოდეთ და მოსალოდნელია, ტატუნაშვილის გადმოცემის საქმეში მხარეებმა მეტად ითანამშრომლონ,” – აღნიშნა მან.

კახა გოგოლაშვილი და ნიკა ჩიტაძე – რადიო თავისუფლების ფოტოები

რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების პასუხის იმ ნაწილს, რომელშიც ის აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის მცდელობას მიესალმება, გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ კრემლის ინტერპრეტაციაა. სპეციალისტის თქმით, რუსულმა მხარემ კვირიკაშვილის განცხადების ნაწილობრივი სისუსტე თავის სასარგებლოდ გამოიყენა:

“რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, რომ პრემიერს თავის განცხადებაში ხაზი გაესვა იმისთვის, რომ მომხრე ვართ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის განხორციელებისა, [ოღონდ] საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ამ შემთხვევაში პოზიცია მეტად ნათელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს ფრაზა სუსტი გამოჩნდა და რუსეთმაც თავისთავად შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. მაგრამ, საერთო ჯამში გასაგებია, რომ პრემიერის განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ ოსებთან და აფხაზებთან, როგორც კონფლიქტის მხარესთან, დიალოგი სრულიად მისაღებია და ეს ძალიან სწორიც არის. კონფლიქტის მხარესთან დიალოგი მათი დამოუკიდებლობის აღიარებას არ ნიშნავს”.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან რეალურ დათმობებს არც საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ნიკა ჩიტაძე ელის. მისი თქმით, პროცესში კონსტრუქციულობა, პირველ რიგში, რუსეთს მოეთხოვება, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აკეთებს რაღაც განცხადებებს, ეს არ ნიშნავს, რომ პრაქტიკაში მას შესაბამისი შედეგი შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება ქართული მხარის კონსტრუქციულობას, აქ რუსეთი გულისხმობს იმას, რომ ქართულმა მხარემ ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რაც შეუძლებელია. შესაბამისად, ბუნებრივია, განცხადების მიუხედავად, რომ გარკვეულ პროგრესს აქვს ადგილი, ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

კონსტრუქცული, პირველ რიგში, რუსეთი უნდა იყოს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, მაგალითად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხებში. ამ გადაწყვეტილებას რუსეთი არ გააუქმებს მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შესაძლებელია, თუ გაძლიერდა სანქციები დასავლეთის მხრიდან, რუსეთი დასუსტდა და იძულებული გახდა, შეეგუოს ახალ რეალობას”, – განუცხადა ჩიტაძემ “ნეტგაზეთს”.

აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის საკითხის კომენტირებისას ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯით ქართული მხარე დე ფაქტო ხელისუფლებათა ლეგიტიმაციას ცნობს:

“მთავრობის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, თუ ეს განცხადება და პრემიერის განზრახვა ერთმანეთს ემთხვევა, ეს არის დიდი შეცდომა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთსა და ოსეთში მოკალათებულ მარიონეტებს, როგორც მხარეებს”.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 მარტს განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
  • პრემიერის განცხადება გააკრიტიკეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, თუმცა პრორუსულმა პატრიოტთა ალიანსმა ის დადებითად შეაფასა.
  • ოსურმა მხარემ კვირიკაშვილის ინიციატივას  “სახალისო” უწოდა.
  • საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კი 12 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარების პოლიტიკას.
  • ამავე დღეს კვირიკაშვილის განცხადებას რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები მოიწონა და ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული მოლაპარაკების იმედი გამოთქვა.
  • მინისტრთა კაბინეტის წევრმა ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში ადამიანებთან და საზოგადოებებთან საუბარი იგულისხმება და არა მოლაპარაკებები ცხინვალსა სოხუმთან, როგორც პოლიტიკურ აქტორებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი