ახალი ამბები

EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები დიდი ხნით გადავადდება — გოგოლაშილი „რუსულ კანონზე“

3 აპრილი, 2024 • 787
EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები დიდი ხნით გადავადდება — გოგოლაშილი „რუსულ კანონზე“

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში დიდი ხნით გადავადდება საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.

„ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების გახსნაზე დადებით გადაწყვეტილებას 2024 წლის ბოლოს ელის.

„არ მგონია, რომ შეძლონ ამ კანონის მიღება. ვენეციის კომისია დაბლოკავს“, — ამბობს გოგოლაშვილი.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის პრინციპული იქნება, თუ „ქართული ოცნება“ კანონპროექტს შესაფასებლად არ გაუგზავნის ვენეციის კომისიას და არ გაითვალისწინებს მის მოსაზრებებს. გოგოლაშვილის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც „ოცნება“ რამდენიმე მუხლში არ იზიარებდა ვენეციის კომისიის შეფასებებს, რაზეც ევროკავშირს უკმაყოფილება ჰქონდა, მაგრამ არ იყო ძალიან პრინციპული.

„ამ შემთხვევაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია. შეუძლებელია, საქართველოს რაიმე წინსვლის შანსი მიეცეს ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში. თუ მაინც მიიღებენ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემა დაიხურება დიდი ხნით — სანამ არჩევნები არ ჩატარდება, ან არ შეცვლის პოლიტიკას ხელისუფლება არჩევნების მერე, ან არ შეიცვლება თავად ხელისუფლება. ევროკავშირი მომავალ ხელისუფლებასაც ასეთივე მოთხოვნებს დაუყენებს, რათა მართლა დაამტკიცონ, რომ საქართველო ლოიალურია ევროპული ღირებულებებისადმი“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კახა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილი არასერიოზულად მიიჩნევს მმართველი პარტიის არგუმენტს, რომ არ შეიძლება საქართველოს ჩაეკეტოს ევროპისკენ გზა ისეთი კანონის მიღების გამო, რომლის ანალოგიური კანონის მიღებას ევროკავშირიც განიხილავს.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში. საუბარია ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტზე“, რომლის მიხედვითაც მესამე ქვეყნის ინტერესთა წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის ეროვნულ მონაცემთა ბაზებში.

კომისიის წინადადებას, რომელიც საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული არ არის, აკრიტიკებენ დემოკრატიის აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა უცხოური გავლენის აგენტების კანონების ეკვივალენტურია.

„დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება ზოგიერთ სხვა იურისდიქციებში, მათ შორის, საქართველოში დაფიქსირებული „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტებისგან.

„უცხოური გავლენის შესახებ კანონები ხშირად მოიცავს ზომებს, რომლებიც ზედმეტად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს გარკვეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო), ჟურნალისტების ან უფლებადამცველების სტიგმატიზაციის, დაშინებისა და საქმიანობის შეზღუდვით. „უცხოური აგენტის“ იარლიყი ასეთი კანონების მიხედვით ხშირად ცდილობს შეარყიოს როგორც ფინანსური სტაბილურობა, ასევე სამიზნე ორგანიზაციების სანდოობა.

ასეთი „უცხოური აგენტების კანონებისგან“ განსხვავებით, ეს წინადადება უარყოფითად არ ასახელებს კონკრეტული სუბიექტების, მათ შორის სსო-ების საქმიანობას და არც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას ცდილობს. ამის ნაცვლად, ის ითვალისწინებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება ყველა სუბიექტისთვის, რომელიც ახორციელებს ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობას მესამე ქვეყნის სახელით, მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა. გარდა ამისა, ზომები არ კრძალავს რაიმე სახის საქმიანობას ან არ მოითხოვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, რომელიც არ არის დაკავშირებული მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებულ ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობასთან“, — ნათქვამია განმარტებით ბარათში.

„ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან. ერთადერთი განსხვავება იქნება ტერმინ „უცხოური გავლენის აგენტის“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლება.

„ოცნება“ „რუსულ კანონს“ აბრუნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი