ოსური მხარე კვირიკაშვილის განცხადებაზე – ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება

აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ოსურ მხარეს, კერძოდ, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა კვირიკაშვილის განცხადებაზე  .

“ჩემი აზრით, საკმაოდ უცნაური განცხადებაა. თუმცა, მე არ მაქვს სურვილი მისი კომენტირების, ვინაიდან ის არ არის სამხრეთ ოსეთის მისამართით და, შესაბამისად, ჩვენთან მას არანაირი კავშირი არ გააჩნია. მეორე საკითხია, რამ უბიძგა ბატონ კვირიკაშვილს, ასეთი ნაბიჯი გადაედგა? თუმცა გვერდიდან ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება: საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირი მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას [“ოკუპანტ” ქვეყანას], რათა მან  [“ოკუპირებულ”] აფხაზებსა და ოსებს “homeland”-თან, საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის ნება დართოს. გაუგებარია, როგორ უშლის ხელს რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დიალოგს კახეთის ან ნახალოვკის ოსებთან? ალბათ, იქ ისინი აღარ დარჩნენ, უკომენტაროდ… მესამე –  საერთოდ გაუგებარი იქნებოდა, თუკი საქართველოს პრემიერი უყურადღებოდ დატოვებდა სამხრეთ ოსეთში დაკავებული და დაღუპული მოქალაქე ტატუნაშვილის თემას. ის ამბობს, რომ “ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რაც ქართულ-რუსულ უერთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას საფუძველშივე ძირს უთხრის”. ესეც უკომენტაროდ. უფრო მეტიც, კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას მოუწოდებს [ხაზს ვუსვამ], მოუწოდებს! გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე…”. გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა! ესეც უკომენტაროდ. იქნებ აქ რაღაც შეცდომაა [მექანიკური], რომელიც განცხადების ტექსტში იპარება. ვგულისხმობ სიტყვას “მთელი” პასუხისმგებლობა”, თანამედროვე ქართული პოლიტიკური ლექსიკონით აქ უნდა იყოს სხვა სიტყვა –   “საკუთარი” პასუხისმგებლობა”, – განუცხადა მედოევმა ნეტგაზეთს.

დიმიტრი მედოევთან დამატებითი კითხვების დასმის საშუალება ამ ეტაპზე არ მოგვეცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას. თავის მიმართვაში ის აცხადებს, რომ თბილისი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი