კომენტარი

ანალიტიკოსი ხსნის, შესაძლებელია თუ არა, რომ ჩამოგვერთვას EU კანდიდატის სტატუსი

5 აპრილი, 2024 • 4645
ანალიტიკოსი ხსნის, შესაძლებელია თუ არა, რომ ჩამოგვერთვას EU კანდიდატის სტატუსი

ავტორი: კახა გოგოლაშვილი – პოლიტოლოგი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი


შესაძლებელია თუ არა, რომ ჩამოგვერთვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი?

დიახ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ასეთ შესაძლებლობას იძლევა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც 2020 წელს დამტკიცებულ ევროკომისიის კომუნიკაციაში აისახა.

კერძოდ, კომუნიკაცია ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესს ეხება და დეტალურად აღწერს როგორც რეფორმებში დაწინაურებული ქვეყნების წახალისებას (დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, ან სხვა სახის შესაძლებლობები), ასევე, იმ ქვეყნების “დასჯას”, რომლებიც სისტემურ უკუსვლას განიცდიან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში.

როგორ შეიძლება “დაისაჯოს” ქვეყანა? კომუნიკაცია პირდაპირ სთავაზობს, რომ უბრალო უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე ასეთ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები – შეუმცირდეს დახმარება, შეჩერდეს მასთან მიმდინარე მოლაპარაკებები, ან მძიმე შემთხვევაში სრულიად გაუქმდეს ის. ამ დრომდე მოლაპარაკებების გაუქმების პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, თურქეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია 2015 წლიდან, მაგრამ არა გაუქმებული.

აღნიშნული ცვლილება უდავოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული ასევე კანდიდატის სტატუსის “გაუქმების” მიზნისთვისაც.

თუმცა ეს არ არის დაკონკრეტებული კომუნიკაციაში, მაგრამ მხოლოდ ჩანაწერის ინტერპრეტაციის საკითხია და ისეთი ნორმის არარსებობის პირობებში, რომელიც კანდიდატის სტატუსის გაწვევას აკრძალავდა, პოლიტიკური ნება ყველაფერს გადაწყვეტს.

თუ “რევერსის” შესაძლებლობა დაშვებულია უფრო მაღალი სტატუსის (მოლაპარაკებების) მიმართ, მიდგომა შესაძლოა გავრცელდეს უფრო დაბალი სტატუსის მიმართაც. მართალია, ეს უკიდურესი ზომაა, მაგრამ არ ღირს ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა. საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიეცა გარკვეული პირობებით (9 ნაბიჯი), ამ პირობების შეუსრულებლობისა და რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილების პირველი მსხვერპლი, კერძოდ კი, ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი.

ვიმეორებ, რომ ეს თეორიული შესაძლებლობაა, მაგრამ შედეგი სრულად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენენ ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. საჭიროა ასევე ვიცოდეთ, რომ ასეთი “რევერსისთვის” გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 14 წევრის მიერ მხარდაჭერა, ანუ უბრალო უმრავლესობა.


“ქართულმა ოცნებამ“ ხალხისთვის მიცემული პირობა კვლავაც დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.

საქართველომ გასულ წელს მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ახლა შანსი აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, რაც მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს. საქართველომ ამისათვის 9 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, თუმცა “რუსული კანონზე” ევროკავშირისა და აშშ-ის განცხადებები მოწმობს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო პროგრესს ვეღარ გააგრძელებს.

„კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ — აშშ რუსულ კანონზე

მასალების გადაბეჭდვის წესი