ახალი ამბებიეკონომიკა

რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესის 38 %-ს არ სმენია DCFTA-ის შესახებ

9 მარტი, 2018 • 4721
რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესის 38 %-ს არ სმენია DCFTA-ის შესახებ

საქართველოს რეგიონებში არსებულმა მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლების მხოლოდ  62%-ს აქვს ინფორმაცია DCFTA-ის შესახებ – არადა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა.

ზემოთ მოყვანილი მონაცემი ერთ-ერთი შედეგია კვლევისა, რომელიც  საქართველოს ცხრა რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარდა.

“საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA -ისა და მცირე და საშულო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა,” ამ სახელწოდებით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 559 მცირე და საშუალო ბიზნესსაწარმოს წარმომადგენელი გამოიკითხა.

კვლევის თანახმად, რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესის 38 %-ს არ სმენია DCFTA-ის შესახებ, საწარმოების წარმომადგენლების 62%-ს DCFTA-ს შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ეს ცოდნა საკმაოდ ზედაპირული იყო.

“DCFTA-ს შესახებ ცნობიერების დონე მაღალი არ არის. უმეტესობა ამბობს, რომ იცის ამ ხელშეკრულების შესახებ, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ კომენტარის გაკეთება, რა შესაძლებლობებს აძლევთ DCFTA. მეწარმეებს უბრალოდ გაუგიათ ხელშეკრულების შესახებ,”-აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ნათია დაღელიშვილი.

კომპანიების ყველაზე დიდი ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ DCFTA -ს შესახებ ინფორმაცია აქვს,  სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მდებარეობს.

კვლევის მიხედვით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას მეწარმეები მედისაშუალებებიდან, სახელმწიფო უწყებებიდან, სოციალური მედიიდან და სხვა წყაროებიდან იგებენ.

გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად აფასებს DCFTA-ს. ამის მიუხედავად, კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხული ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენელთა უმრავლესობას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

სქრინი: SME (მცირე და საშუალო ზომის საწარმოები)

 

მცირე და საშუალო ზომის საწარმო საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კომპანიაა, რომელიც 100-მდე ადამიანს ასაქმებს და მისი წლიური ბრუნვა 1 500 000 ლარს არ აღემატება.

კვლევის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესსაწარმოების რაოდენობით იმერეთი ლიდერობს. რეგიონში 112 მცირე და საშუალო საწარმოა რეგისტრირებული. მეორე ადგილს 64 ბიზნესორგანიზაციით აჭარა იკავებს.

სქრინი – კვლევიდან

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მოაწერა ხელი. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია. ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. DCFTA–ის ფარგლებში რეგულირდება საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი. ხელშეკრულების ფარგლებში ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბაჟო გადასახადის გადახდის გარეშე შევა ევროკავშირის ბაზარზე.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მცირე და საშუალო საწარმოების უმრავლესობა საკუთარ პროდუქციას რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში ჰყიდის. კომპანიების 15% ექსპორტს მხოლოდ ევროკავშირში ახორციელებს.  27% საკუთარ პროდუქციას ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში ჰყიდის. 58% თავის პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში ახორციელებს. კვლევის თანახმად, ექსპორტს გამოკითხული კომპანიების 23% (127 მცირე და საშუალო საწარმო) ახორციელებს.

კვლევის პროცესში, მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს ჰკითხეს, რა იყო ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტისთვის მათი ძირითადი სტიმული. გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა (46%-მა) გაყიდვების ზრდა დაასახელა. 35%-თვის ევროკავშირში არსებული მაღალი ფასებია მნიშვნელოვანი, 11% კი ექსპორტიის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას ასახელებს.

რა არის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის დამაბრკოლებელებელი მიზეზები

კვლევაში მონაწილე კომპანიების უმრავლესობა,  77% ,  ექსპორტზე საერთოდ არ გადის. კომპანიის წარმომადგენლები  ხუთ მთავარ ფაქტორს ასახელებენ, რის გამოც, მათი თქმით, ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტს ვერ ახდენენ:

[checklist]

  • ევროკავშირის ქვეყნებში პარტნიორების ნაკლებობა;
  • ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
  • წარმოების დაბალი მოცულობა და ექსპორტისთვის არასაკმარისობა;
  • ექსპორტისთვის საკმარისი მოცულობის პროდუქტის საწარმოებლად რესურსების ნაკლებობა;
  • ევროკავშირში ექსპორტისთვის საჭირო ხარისხის სერტიფიკატის არქონა;

[/checklist]

გამოკითხვის თანახმად, იმერეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ექსპორტის დამაბრკოლებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროკავშირის ქვეყნებში პარტნიორების ნაკლებობაა. კახეთში საწარმოების წარმომადგენლები დაბრკოლებად წარმოებისთვის საჭირო რესურსების არასაკმარის რაოდენობას ასახელებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთში კი ძირითად პრობლემად ექსპორტის პროცედურების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. დანარჩენ ხუთ რეგიონში მთავარ პრობლემად რესურსების ნაკლებობა სახელდება.

ევროკავშირის ერთიან ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისთვის მცირე და საშუალო საწარმოებმა სერტიფიკატი უნდა აიღონ. კვლევის ავტორების განცხადებით, სერტიფიცირება შესაბამისობის შეფასების (ტესტირება და სერთიფიცირება) გავლას მოითხოვს, რათა ევროკავშირის მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა იქნას ნაჩვენები. გამოკითხული კომპანიების 73% სერტიფიკატს საერთოდ არ ფლობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ევროკავშირში 646.5 მლნ. დოლარის ექსპორტი განხორციელდა. ზრდა წინა 2016 წლის მაჩვენებელზე 13%-ია. საქსტატის თანახმად, 2017 წლის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 23.7%-ია.

ავტორების განცხადებით, კვლევა 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარდა. საველე სამუშაოები ჩაატარეს საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციამ“ (ABCO საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ (GIP, საქართველო), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირიმა„ინტელექტი“ (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაციამ „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო). კვლევის ცდომილება 3%-ია. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო  ინსტრუმენტის“ მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი