ეკონომიკა

რატომ ვერ იყენებს საქართველო DCFTA–ის შესაძლებლობებს

28 ოქტომბერი, 2014 • • 4120
რატომ ვერ იყენებს საქართველო DCFTA–ის შესაძლებლობებს

ხელშეკრულება ძალაში ნაწილობრივ 2014 წლის 1 სექტემბერს შევიდა. საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება არ გააქტიურდა, არსებობს საფრთხე, რომ DCFTA–ს შესაძლებლობები მხოლოდ ფურცელზე გაწერილ შეთანხმებად დარჩეს: 

 

“არ მინდა, DCFTA–ის შესაძლებლობები დარჩეს შესაძლებლობებად. GSP-ის ახალი სქემის (EU GSP +) შესაძლებლობები ჩვენ სრულად ვერ გამოვიყენეთ. 95%–იანი პრეფერენციები როცა გაქვს და როცა აქედან იყენებ ერთს ან ორს, ვერც სოფლის მეურნეოება განვითარდება. შეიძლება DCFTA–ს შესაძლებლობები დარჩეს შესაძლებლობებად. ეს არის მთავარი გამოწვევა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებამ რეალიზაციის სამოქმედო გეგმა და საგზაო რუკა უნდა გააკეთოს, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ დავინახოთ შედეგები”. 

 

ეს განცხადება პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე გააკეთა. 

 

ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრმა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსთან“ ერთად მომზადებული კვლევა “DCFTA და საქართველო” წარმოადგინა – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის ნინო ევგენიძის განცახდებით, DCFTA–ის შესაძლებობების გამოყენებით საქართველო მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს და მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6,5%–მდე გაიზრდება:

 

“არის გათვლები, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 13,5%–ით გაიზრდება. ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი – ინვესტორების გაზრდილი ნდობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს იქნება ნდობის დამატებითი საფუძველი, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია უცხოური ინვესტიციების დაბანდება.”

 

რა გამოწვევების წინაშეა მთავრობა და რატომ ვერ სარგებლობს საქართველო ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებით”

 

ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების 1 სექტემბრიდან ნაწილობრივ ამოქმედების მიუხედავად, ამ ბაზართან სავაჭრო ურთიერთობები არ გააქტიურდა. საქსტატის მონაცემებით,  ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 21%–ია, ხოლო იმპორტში -28%, როცა დსთ–ს ქვეყნების 52%–ია, ხოლო იმპორტში – 24%.  ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრის შეფასებით, ამ სტატისტიკის მთავრი მიზეზი ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი და გაუმართავი წარმოების ჯაჭვია, რის გამოც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის შეტანის მაჩვენებელი არ იზრდება.

 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ღვინოები (ექსპორტის 6,1%), მინერალური წყლები (ექსპორტის 5.3%) და თხილი (ექსპორტის 5%) გადის. 

 

ნინო ევგენიძის შეფასებით, კვლევამ აჩვენა, რომ DCFTA–ის შესაძლებლობების გამოყენება და საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ზრდას ქვეყანაში მიწის დაუსრულებელი რეფორმა და გამკაცრებული სავიზო პოლიტიკა აფერხებს:

 

“საქართველოში მიწების 70% დაურეგისტრირებელია და ამ მიწებზე კაპიტალის და ინვესტიციის მოზიდვა არარეალურია. პრობლემაა ისიც, რომ მიწების 90% დაბალი ფრაგმენტაციით გამოირჩევა. საქართველოს მოქალაქეები საკუთრებაში ფლობენ 0,25 ჰეტარ მიწას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ ავაღორძინებთ ფერმერულ მეურნეობას და დიდ საწარმოო ჯაჭვს ვერ შევქმნით. აუცილებელია კოოპერატივების და ფერმერთა გაერთანების ხელის შეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში DCFTA–ის სარგებელი ამ თარგზე ვერ მოიჭრება.” 

 

ევგენიძის განცახდებით, მიწის რეფორმის დასრულებას 3 წელი და 35 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი სჭირდება. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი  ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრის მოსაზრებას ეთანხმება: 

 

“ის, რომ მიწასთან დაკავშირებით ინვესტირება შეზღუდულია, ამაში გეთანხმებით. დიდი ხანია ვაყენებთ მიწის საკითხს. კიდევ ერთი საკითხი არის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება. ამას მეწარმეების ცოდნის ამაღლება და ტექნოლოგიებში ინვესტირება სჭირდება.  მეწარმეები აქტიურად ვერ აწარმოებენ ტექნოლოგიების გაუმჯობესებას, თუ არ გატარდა სერიოზული სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით.”  

 

გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აქტიურად უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა: “ყველაზე მნიშვნელოვანია აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს მეწარმეობის ხარისხის ამაღლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ნედლეულის ექსპორტ–იმპორტის დონეზე გავაგრძელეთ ურთერთობა ევროკავშირთან, ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გავაუმჯობესებთ. ჩვენ უნდა ავაწყოთ ეს ურთიერთობა პროდუქციის დონეზე. ამას სჭირდება კონკრეტული ღონიძიებები.” 

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა ხელი.

 

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. DCFTA–ის ფარგლებში რეგულირდება საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი.

 

2005 წლის ივლისში საქართველო გახდა  დსთ-ს სივრცეში მე–2 (მოლდოვასთან ერთად), ხოლო მსოფლიო მასშტაბით მე–15, GSP-ის ახალი სქემის (EU GSP +) ბენეფიციარი.

 

“GSP+”-ის ბენეფიციარის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო სარგებლობს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის პროდუქცია. 

საქართველო და ევროკავშირი
საქართველო და ევროკავშირი

მასალების გადაბეჭდვის წესი