ახალი ამბები

დღეს ბრიუსელში საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება

8 ივნისი, 2023 • 752
დღეს ბრიუსელში საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება

დღეს, 8 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მეთორმეტე სხდომა.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას.

სხდომაზე ასევე განიხილავენ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად გაწეულ ძალისხმევას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას.

ასევე იმსჯელებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევაზე.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე, საქართველოს შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები.

სხდომას უხელმძღვანელებენ თანათავმჯდომარეები – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი.

საქართველოს მხრიდან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები არიან – მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე.


ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთახმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი