საზოგადოება

პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები, 5 ივლისი, დიპლომატების მოსმენები – რა მოხვდა EU-ს ანგარიშში

13 აგვისტო, 2022 • 1705
პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები, 5 ივლისი, დიპლომატების მოსმენები – რა მოხვდა EU-ს ანგარიშში

ევროკავშირმა  ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში პარასკევს გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და შენიშვნები, რომელიც ევროკავშირს აქვს.

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო.

მათი შეფასებით, მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს.

თუმცა, ანგარიშის თანახმად, 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვიარ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე; ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.

„გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე.

ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა“, – ნათქვამია ანაგრიშში.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები, რომლებიც პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას განაგრძობდა. აღნიშნულ საქმეებს შორის მოხვდა: „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“ ნიკა მელიას დაკავება თიბისი ბანკის და პოლიტიკური პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თაღლითობაში დამნაშავედ ცნობა; ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება.

დოკუმენტში ასევეა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, შიმშილობა და ის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ სააკაშვილის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული. დოკუმენტის თაბახმად, ის, რომ საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა და 2021 წელთან შედარებით საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვნად გაუარესდა, ეს წარმოადგენს განსაკუთრებით აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებაში.

ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა 2021 წლის 5 ივლისი და ის, რომ თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს.

„მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე მოხვდა 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფაილები ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ.

„მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება.

ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში საკმაოდ დიდი თავი ეთმობა მართლმსაჯულებას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას. აღნიშნულ თავში საუბარია, რომ  19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება მიეღო ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური პარტიებს
შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა. თუმცა ევროკომისიის შეფასებით, მიუხედავად ამისა, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა.

ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.

„საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზარდის ვალდებულება არაერთხელ აიღო, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის საშუალებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ზედიზედ სამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

თუმცა, 2021 წლის 12 ივლისს, 1 დეკემბერს და 29 დეკემბერს, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მთლიანობაში 11 მოსამართლე დაინიშნა. 2019-2021 წლებში საქართველოს პარლამენტმა 28-ვე ახლადარჩეული მოსამართლე, ოპოზიციური პარტიების ძალზე შეზღუდული მხარდაჭერით უვადოდ დანიშნა.

2021 წლის აპრილში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მცირე ცვლილებები შევიდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა წარდგენის პროცესში ხანგრძლივად არსებული ხარვეზები (კერძოდ, გასაჩივრების პროცესის არარსებობა) აღმოუფხვრელი რჩება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  მიუხედავად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მოწოდებისა, შემდგომ სასამართლო დანიშვნებში პაუზა გაკეთებულიყო, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის 26 მაისს და 31 ოქტომბერს, შესაბამისად
მთლიანობაში ექვსი მოსამართლე წევრი დანიშნა.

მათი შეფასებით, ეს გაკეთდა ნაჩქარევად, წინასწარი განცხადების და საჭირო შემოწმების გარეშე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა.

„მოსალოდნელია, რომ ეს არამოსამართლე წევრები უფრო ფართო კონსენსუსის საფუძველზე (პარლამენტის სამი მეხუთედის უმრავლესობით) შეირჩევიან და სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიის ანგარიშში საუბარია სახალხო დამცველზე ზეწოლაზე, იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს.

„მისი აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავისი სამეთვალყურეო როლის შესრულებას. მისი მანდატის შესაბამისად გაცემული
რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი ევროკავშირის დეკლარაციებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების მიერთებასთან დაკავშირებით იყო 53%, რაც 2020 წლის 62%- თან შედარებით დაიწია. 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 42%- მდე შემცირდა.

დასკვნითი შენიშვნებსა და სამომავლო პერსპექტივაზე საუბრისას კი ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ახლა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ისტორიული მომენტია და საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის.

„ევროკავშირი ამ საქმეში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები აიღოს.

განახლებული და სერიოზული ვალდებულება დემოკრატიული კონსოლიდაციისა, სასამართლო რეფორმებისა და ქმედებებისა პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება.

ასევე საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი