საზმაუს ბორდმა რატიანის საქმეზე პირველ არხს ეთიკური დარღვევები არ დაუდგინა

დღეს, 1 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველ არხს ზვიად რატიანის დაკავებისას შსს-ს  ვიდეოს გავრცელების გამო არც ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა, არც სიძულვილის გაღვივება და არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა დაუდგინა.

ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ სამი დარღვევის დადგენას სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ორმა წევრმა, ქეთი მსხილაძემ და ირინა ფუტკარაძემ მისცა ხმა.

“ამ მასალის გაშვების გამართლება იმით, რომ დრო იყო მცირე, არ არის სწორი. ოპერატიულობამ პროფესიული ეთიკა არ უნდა გადაწონოს. წამყვანის ტექსტი და კადრებიც არ ეწყობოდა ერთმანეთს. ეს კადრები აძლიერებდა ზვიად რატიანის შესახებ უარყოფით აზრს და მისი ადვოკატის კომენტარსაც აზრი ეკარგებოდა. ეს სიუჟეტი შესწავლილი მაქვს დეტალურად და მიმაჩნია, რომ დარღვეული იყო ჯეროვანი სიზუსტე,” – ამბობს ქეთი მსხილაძე.

მსხილაძემ განმარტა, რომ რატიანის მიმართ სუძულვილის გაღვივება გამოიწვია ჩანაწერში პატრიარქის ცუდ კონტექსტში ხსენებამ. მარინა მუსხელიშვილი კი ამბობს, რომ ათეისტია, მაგრამ მაინც ვერ დაინახა საზოგადოების მხრიდან რატიანის მიმართ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ სიძულვილის გაღვივება.

როგორც წინა სხდომაზე, სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრი დღესაც საუბრობდა იმაზე, რომ პირველი არხის გარდა, სხვა ტელევიზიებმაც გაავრცელეს შსს-ს კადრები და პასუხი მათაც უნდა მოსთხოვონ ზვიად რატიანის მხარდამჭერებმა. საბჭოს წევრებს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართელოს წევრმა მამუკა ანდღულაძემ გასცა პასუხი. მედიასამართლის სპეციალისტი ამბობს, რომ ბორდის დღევანდელი გადაწყვეტილება არის მორიგი გამოხატულება იმ ინსტიტუციური კრიზისისა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელშია.

“თავიდან მინიშნებებით საუბრობდნენ, რომ ეს არ მოეწონათ, მაგრამ დღეს რეალობა არის ასეთი – ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას და უსაბუთო, უარგუმენტო აპელაცია ხდება, თითქოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი არ შეიცავს იმ ნორმებს, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა დარღვევა დადგენილიყო. არადა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ღიად და ცალსახად წერია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებით დიდი როლი აქვს. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს წერია კოდექსში. სამეურვეო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება,” – ამბობს მამუკა ანდღულაძე.

 

ზვიად რატიანის ადვოკატი, მარიამ გოგოსაშვილი აცხადებს, რომ ქცევის კოდექსის არსი სწორედ ის არის, რომ მაუწყებლებმა თავად უზრუნველყონ დადგენილი სტანდარტების დაცვა:

“მარეგულირებელი კომისია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ჩარევაც არ უნდა მოხდეს მაუწყებლლის სარედაქციო პოლიტიკაში. თითოეულ გაშუქებულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება, არ უნდა წაიღონ მარეგულირებელ კომისიაში განსახილველად. ეს დაუშვებელია იმიტომ, რომ წარმოადგენს პირდაპირ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მარეგულირებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერევა, თუ თვითრეგულირების ორგანო არ არის ეფექტური.”

ზვიად რატიანის საქმე

5 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის სადავო ჩანაწერის გავრცელებით პირველ არხს არ დაურღვევია ეთიკური ნორმები, თუმცა დააკმაყოფილა ზვიად რატიანის მხარის ორი მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა ყველა პლატფორმიდან ვიდეოს წაშლასა და სამომავლოდ არგამოყენებას.

მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო საკუთარი პლატფორმიდან წაშალა.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობს დარღვევას, მარინა მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის პირადი ცხოვრება დაარღვიეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ეს ვიდეო გაასაჯაროვა, და სასამართლომ, რომელმაც სხდომა არ დახურა. მუსხელიშვილს პრეტენზია აქვს რატიანის ადვოკატთანაც და ამბობს, რომ მას უნდა მოეთხოვა პროცესის მედიისთვის დახურვა.

ქეთი მსხილაძე და ირინა ფუტკარაძე კი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრიცი მაუწყებლი თვითონ უნდა იცავდეს ეთიკის ნორმებს და იყოს მაგალითი.

ზვიად რატიანის ადვოკატის, მარიამ გოგოსაშვილის თქმით, გადაწყვეტილება არალოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული საკითხები ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში. გოგოსაშვილმა ზვიად რატიანის საქმეზე საზმაუს თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება სააპელაციოში, ანუ ამავე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა, რომელიც დღეს თვითრეგულირების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com