ახალი ამბები

“პასუხისმგებლობას ვგრძნობ” – გახარია ზვიად რატიანის დაკავების კადრების გავრცელებაზე

9 ივნისი, 2021 • 1142
“პასუხისმგებლობას ვგრძნობ” – გახარია ზვიად რატიანის დაკავების კადრების გავრცელებაზე

ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს და ნანობს მომხდარს. ამის შესახებ გახარიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ადამიანის პროფესიის მიუხედავად, პრობლემაა და “ამაზე პასუხი უნდა აგოს”, თუმცა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რატიანის კადრების გავრცელება არასწორ და არაეთიკურ მოვლენად შეაფასა:

“პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მიუხედავად იმისა შენ პოეტი ხარ, მწერალი, რიგითი მოქალაქე თუ ჩინოვნიკი, არ აქვს მნიშვნელობა, პრობლემაა და ამაზე ადამიანმა პასუხი უნდა აგოს. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ იყო მეორე მდგენელი, როდესაც გარკვეული ფირები გავრცელდა და ამასთან დაკავშირებით მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ეს იყო ის არასწორი, არაეთიკური მოვლენა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და მე, როგორც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ამაზე უნდა მეზრუნა. მე ამაზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ”, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ნანობს თუ არა გახარია ზვიად რატიანის დაკავების კადრების გავრცელებას, გახარიამ უპასუხა, რომ ნანობს.

ამასთან, გრიგოლიამ გახარიას ჰკითხა რატიანთან შეხვედრის მცდელობასთან დაკავშირებითაც, რაზეც მან უპასუხა, რომ შეხვედრის მცდელობა თავისი ინიციატივით არ ჰქონია, თუმცა რამდენჯერმე შესთავაზეს, რომ მას და რატიანს ერთმანეთს შეახვედრებდნენ, რაზეც ის დათანხმდა.


პოეტი ზვიად რატიანი 2017 წლის 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა, პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. რატიანის თქმით, პოლიციელებმა მას შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა.

რატიანის დაკავების კადრები პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს. ეს კადრები საზოგადეობრივმა მაუწყებელმა შსს–დან გამოითხოვა და ახალი ამბების გამოშვებაში უჩვენა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო საკუთარი პლატფორმიდან წაშალა.

1 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველ არხს ზვიად რატიანის დაკავებისას შსს-ს  ვიდეოს გავრცელების გამო არც ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა, არც სიძულვილის გაღვივება და არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა დაუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის. სასამართლომ რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.

2020 წელს “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” (ყოფილი EMC) აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.  წარდგენილ განაცხადში ორგანიზაცია დავობს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, სტრასბურგში წარდგენილ განაცხადში მითითებულია, რომ პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ მისი ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერების საჯაროდ გავრცელება უკანონო იყო. ამასთან, მათი გადაღება და გავრცელება ემსახურებოდა არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესს, არამედ ზვიად რატიანის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას და მისი პიროვნების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი