სხვა ტელევიზიებს რატომ არ უჩივით? – საზმაუს ბორდის წევრების კითხვები რატიანის საქმესთან დაკავშირებით

დღეს, 22 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირველი საკითხი საზმაუს მიერ შსს-დან გამოთხოვილი ზვიად რატიანის სადავო ვიდეოს გამოქვეყნება იყო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, მარიამ გოგოსაშვილი მოითხოვს, რომ საბჭომ დაადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ზვიად რატიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა, ასევე, სიძულვილის გაღვივება.

მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ეს არის მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ეთიკის ნორმები, რომლის დაცვაც ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა სამეურვეო საბჭოს წევრის კითხვები ძირითადად ეხებოდა იმ გარემოებას, რომ იგივე სიუჟეტი სხვა მაუწყებლებმაც გაუშვეს და რატომ ედავებოდა მხარე მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

“რუსეთმა რომ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და გვეწყინა, გასაგებია. თუ ავსტრალია დაარღვევს, არ გვეწყინება? ავსტრალიამ რომ მიიტაცოს აფხაზეთი, ჩვენ ეს არ გვეწყინება, ხო?” – ჰკითხა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი იაკობაშვილმა ზვიად რატიანის ადვოკატს.

თქვენი მიზანია მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკეთილშობილება და სხვა არაფერი? – ეკითხებოდნენ საბჭოს წევრები ზვიად რატიანის იურისტს და გაკვირვებულები სთხოვდნენ პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უჩიოდნენ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს და არა სხვა ტელევიზიებს.

დღევანდელ სხდომას ასევე დაესწრნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართელოს წევრი, მედიასამართლის სპეციალისტი მამუკა ანდღულაძე.

საბოლოოდ, როგორც საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, საბჭო იმსჯელებს ზვიად რატიანის ადვოკატის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მარიამ გოგოსაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაში საბჭო მხოლოდ საკუთარი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ სიუჟეტზე იმსჯელებს და არა სხვა ტელევიზიების.

შეხვედრის შემდეგ ნატა ძველიშვილმა ზვიად რატიანისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეზე ქარტიის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, სადაც მოყვანილია ვრცელი დასაბუთება, თუ რატომ იყო დარღვევა როგორც სიზუსტის, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მუხლის მხრივ.

პოლიციის მიერ ნაცემი ზვიად რატიანი

“ქარტიის საბჭოს წევრთა კითხვები და საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრთა კითხვები აბსოლუტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ქარტია ყოველთვის მოწოდებულია იმისკენ, რომ ქვეყანაში განვითარდეს თვითრეგულირება და პროფესიული სტანდარტები. ყველა მედიასაშუალებამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარ დაშვებულ შეცდომებზე, ხარვეზებზე და იზრუნოს მის გამოსწორებაზე. სამეურვეო საბჭოს წევრები ზვიად რატიანის წარმომადგენელს გამუდმებით ეკითხებოდნენ, თუ რატომ მიმართა მაინცდამაინც საზოგადოებრივ მაუწყებელს და რატომ არ გაასაჩივრა სხვა მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ჩემთვის გაუგებარი იყო ის კითხვები, რაც დაისვა დღევანდელ სხდომაზე,” – ამბობს ნატა ძველიშვილი.

საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ საკუთარ გადაწყვეტილებაში რეკომენდაციები დაურთო და იმსჯელა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს საჯარო ინტერესი და როდის ღირს პირის პირადი ცხოვრების შელახვა იმისთვის, რომ საზოგადოებამ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა საჯარო ინტერესი, რომელიც გადაწონიდა ზვიად რატიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას.

“ერთი პირის გაწირვა არ ღირდა იმ ინფორმაციად, რაც მიიღო აუდიტორიამ. ის მასალა, რაც გადიოდა ეთერში, რომ ზვიად რატიანი იგინებოდა და არ იქცეოდა შესაბამისად, ეს აღიარებული ჰქონდა მას და ამის შესახებ იცოდა საზოგადოებამ. საინტერესო იყო, როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი. თავად ზვიად რატიანი ჩივის იმაზე, რომ პოლიციამ არასწორად დააკავა. საზოგადოებამ ვერ მიიღო გამოქვექნებული ვიდეოთი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი,” – ამბობს ძველიშვილი.

ზვიად რატიანის საქმე

5 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის სადავო ჩანაწერის გავრცელებით პირველ არხს არ დაურღვევია ეთიკური ნორმები, თუმცა დააკმაყოფილა ზვიად რატიანის მხარის ორი მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა ყველა პლატფორმიდან ვიდეოს წაშლასა და სამომავლოდ არგამოყენებას. მარიამ გოგოსაშვილის თქმით, გადაწყვეტილება არალოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული საკითხები ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში. მარიამ გოგოსაშვილმა ზვიად რატიანის საქმეზე საზმაუს თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს ვიდეო საკუთარი პლატფორმიდან წაშალა.

სქრინი შსს-ს მიერ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოდან ზვიად რატიანის საქმეზე, რომელიც პირველმა არხმა გაავრცელა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.