ახალი ამბები

ზვიად რატიანის უფლებებს სტრასბურგში EMC დაიცავს

4 მაისი, 2020 • 1547
ზვიად რატიანის უფლებებს სტრასბურგში EMC დაიცავს

“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ზვიად რატიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში დაიცავს. EMC წარდგენილ განაცხადში დავობს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე.

EMC-ის ინფორმაციით, სტრასბურგში წარდგენილ განაცხადში მითითებულია, რომ პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ მისი ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერების საჯაროდ გავრცელება უკანონო იყო. ამასთან, მათი გადაღება და გავრცელება ემსახურებოდა არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესს, არამედ ზვიად რატიანის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას და მისი პიროვნების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას.

ზვიად რატიანი, სპეციალური საპოლიციო კონტროლის (რეიდის) ფარგლებში, 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდარღვევის საქმის განხილვისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულების სახით წარადგინა პოლიციის თანამშრომლების მიერ საკუთარი მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერები. ჩანაწერებში ჩანს, რომ დაკავებული რატიანი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს. თუმცა, რატიანის განმარტებით, მისი გაღიზიანება გამოწვეული იყო პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობით, რომელიც წინ უძღვოდა ვიდეოს გადაღების პროცესს.

“ჩანაწერები ასახავს მხოლოდ ზვიად რატიანის დაკავების შემდგომ ფრაგმენტულ ეპიზოდებს და ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. გარდა ამისა, პოლიციელის მიერ პირადი მობილურით ვიდეოჩანაწერის გაკეთების უფლებამოსილებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, EMC-მ სასამართლოსთან იშუამდგომლა ვიდეოჩანაწერების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის მოთხოვნით, თუმცა სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მიიღო და განიხილა ჩანაწერები 2017 წლის 27 დეკემბრის ღია სხდომაზე”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები, თუმცა ვიდეოჩანაწერების ვიზუალური მხარე მათთვის აღქმადი არ ყოფილა. სხდომის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა განცხადებით მიმართა შსს-ს და მოითხოვა ვიდეოჩანაწერების გადაცემა. EMC-ის აზრით, შსს-მ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩანაწერი უკანონოდ, მოსარჩელის ინფორმირებისა და მისი ნებართვის გარეშე გადასცა.

“ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ზვიად რატიანი მუდმივ საზოგადოებრივ წნეხში მოექცა და გახდა არაერთი დამცინავი, შეურაცხმყოფელი და აგრესიული მუქარის შემცველი კომენტარის ადრესატი როგორც ონლაინ, ასევე საჯარო სივრცეებში. აღნიშნულმა უარყოფითად იმოქმედა ზვიად რატიანის ჯანმრთელობაზე და მას დაერღვა ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა გამოიწვევდა მის გასაჯაროებას და ზვიად რატიანის დისკრედიტაციას. აღნიშნულს ადასტურებს შსს-ს 2017 წლის 24 დეკემბერის განცხადება, რომელშიც უწყების წარმომადგენელი უთითებს, რომ იმ ეტაპისთვის სამინისტრო მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა უცენზურო გამონათქვამების შემცველი ჩანაწერის გასაჯაროებას”, – ამბობს EMC.

პოლიციელების მიერ პირადი მობილური ტელეფონით უკანონო ვიდეოგადაღებისა და მისი მედიასაშუალებისთვის უკანონო გაზიარების გამო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. თუმცა 2019 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და შსს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

EMC ზვიად რატიანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე წარმოადგენს კონვენციის მესამე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, EMC-მ სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა 2019 წლის 5 აგვისტოს, სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ამ ფაქტის არაეფექტური გამოძიების გამო ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი