ოსური მხარის ცნობით, ე.წ. ბორდერიზაცია 2018 წელსაც გაგრძელდება

“2018 წლის მარტში საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივი მოწყობის ღონისძიებები დასრულდება”. ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო ვალერი ზაზულიაზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის საზღვრის დაცვის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს. 

ოსი ჩინოვნიკის თქმით, გასული წელი ამ კუთხით  “საკმაოდ აქტიური” იყო. მისი განცახდებით, 2017 წელს კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართი გაავლეს.

“გასულ წელს რესპუბლიკის ოთხმა რაიონმა მიიღო მონაწილეობა სასაზღვრო კონტროლის პოსტებისთვის მიწების გამოყოფის საკითხში. 11 მიწის ნაკვეთი იყო გამოყოფილი.  ჩვენ მოვიცავით ყველა სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ამჟამად გვაქვს. 2017 წელს სასაზღვრო ზონის შემოსასვლელში 63 ნიშანი იყო დამონტაჟებული სამხრეთ ოსეთის ოთხივე რაიონში”.


საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა,  ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსმა სამხედროებმა ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნულები დაამონტაჟეს, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩარევით, ეს ნიშნულები მალევე აიღეს. შესაბამისად, ბორდერიზაციის პროცესის ათვლის წერტილად ხშირად 2011 წელი განიხილება. ამ საკითხზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი