კალაძე: დამწვარ სავაჭრო ცენტრს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ ღამით დამწვარ სავაჭრო ცენტრში დასაქმებულებს შეხვდა. როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულის” აღდგენითი სამუშოები უახლოეს მომავალში დაიწყება, მანამდე კი ადამიანები, რომელთა პროდუქციაც ხანძარს გადაურჩა, ახლომდებარე ფართებში დასაქმდებიან:

“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. გვქონდა შეხვედრა ბაზრის ადმინისტრაციასთან. ექსპერტ-კრიმინალისტები უკვე შესულები არიან და მუშაობენ, რომ დადგინდეს გამომწვევი მიზეზები. როგორც კი ისინი სამუშოებს დაასრულებენ, მაშინვე დაიწყება ბაზრობის დამწვარი ფართების აღდგენითი სამუშაოები.

მანამდე, იმ ადამიანებს, ვისი საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებლობა, დროებით გვერდით ფართებში გადავიდნენ, რათა ჩვეულებრივად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა” – ამბობს კალაძე.

კახა კალაძის თქმით, ბაზრობის ადმინისტრაცია მზადაა, ინდივიდუალურად შეხვდეს ყველა ადამიანს, ვისი პროდუქციაც დაიწვა, განიხილონ ხელშეკრულებები და აღწერის შემდეგ ინდივიდუალურად გადაწყვიტონ კომპენსაციის საკითხი. რაც შეეხება დამწვარი ფართების მონახულებას, კალაძის თქმით, ამის შესახებ მოვაჭრეებს ადმინისტრაცია აცნობებს.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ “ქალაქის გული” ერთ-ერთი ყველაზე გამართული ობიექტი იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით:

“როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, გვეუბნება რომ რამდენიმე თვის წინ ელექტროობა მთლიანად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც გამართული იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა ხანძარი მაინც მოხდა და, ალბათ, დადგინდება მიზეზებიც, თუ რა იყო ამ ყველარის გამომწვევი” – ამბობს კალაძე.


სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” ხანძარი 27 თებერვალს, შუაღამისას გაჩნდა. დამწვარია 3 ათას კვადრატულ მეტრამდე სავაჭრო ფართი, დაზარალებულია ათეულობით მოვაჭრე, თუმცა ზიანი ჯერ არ შეფასებულა.

ზუსტად ორ დღეში, 2018 წლის პირველი მარტიდან, ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომელიც სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მფლობელებს ობიექტების სავალდებულო დაზღვევას ავალდებულებს, რათა ხანძრით მიყენებული ზიანი სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.