ბაზრობების სავალდებულო დაზღვევამდე ორი დღით ადრე დამწვარი სავაჭრო ცენტრი

27 თებერვალს თბილისში კიდევ ერთი ბაზრობა დაიწვა. თუმცა, ზუსტად ორ დღეში, 2018 წლის პირველი მარტიდან, საქართველოში სავალდებულო ხდება სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, სასტუმროებისა და ბენზინგასამართი (ასევე, აირგასამართი) სადგურების დაზღვევა.

მთავრობის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, ზემოჩამოთვლილი ობიექტების მფლობელი ვალდებულია, დააზღვიოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, ბაზრობების შემთხვევაში კი, მოვაჭრეთა სიცოცხლე და ქონება.

მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს სადაზღვევო ლიმიტებსაც.

ბაზრობის/სავაჭრო ცენტრის შემთხვევაში, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე ერთი პირის სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანის ლიმიტია 30 ათასი ლარი, ჯანმრთელობის დაზიანების დროს კი -15 ათასი ლარი.

თუ კონკრეტულ პირს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის დაწვისას გაუნადგურდება ქონება, ერთ სავაჭრო ობიექტზე დაზღვევის ლიმიტია 15 ათასი ლარი, თუ  მისი კუთვნილი განადგურებული ობიექტის რაოდენობა ერთს აჭარბებს, რაოდენობა გამრავლდება 15 ათასზე. ჯამური თანხის ლიმიტი ამ შემთხვევაში 15 მილიონია.

დამწვარ სავაჭრო ცენტრის, “ქალაქის გულის” 45 პროცენტს ნიდერლანდებში რეგისტრირებული “მორ ფანდ ჰოლდინგ ბი.ვი.” ფლობს, 44.57 პროცენტს- საქართველოში რეგისტრირებული “თერგი I” (100% წილის მფლობელი ჯემალ ქადაგიშვილი), 5,43 პროცენტი ეკუთვნის შპს “კორპორაცია კოლხას”, დარჩენილი 5 პროცენტი კი – ისრაელის მოქალაქე არიე გოლდსტეინს. სავაჭრო ცენტრს სულ ექვსი დირექტორი ჰყავს, მათგან სამი ისრაელის მოქალაქეა, სამი კი – საქართველოს.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში”  სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამდე ორი დღით ადრე ხანძარმა დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართი გაანადგურა.  ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის, თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ის ათეულ ათასებს გადააჭარბებს.

ხანძრის ჩაქრობას შუაღამისას ათეულობით მეხანძრე 40-მდე სახანძრო მანქანით ცდილობდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.