ნარიყალაზე უკანონო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია მერიამ დააჯარიმა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 8 000 ლარით დააჯარიმა კომპანია “კაზმა”, რომელიც ნარიყალაზე სამუშაოებს აწარმოებდა.

23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარიყალაზე, ციხესთან მისასვლელ გზაზე მდებარე ფერდობზე  კომპანია მძიმე ტექნიკის თანხლებით “არქეოლოგიურ” სამუშაოებს აწარმოებდა. კომპანიის მტკიცების მიუხედავად, რომ კანონიერად მოქმედებდნენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ მათ არქეოლოგიური გათხრების წარმოების უფლება არ ჰქონდათ.

გირჩევთ: რას თხრიან და აშენებენ ნარიყალაზე

“ძალიან დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია იქ არსებულმა მდგომარეობამ სოციალურ ქსელებში და, რა თქმა უნდა, მერიის უკმაყოფილებაც მოჰყვა ამას. ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა იქ სამუშაოები, თითქოს არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არც ამის ნებართვა არ ჰქონდათ იქ მომუშავე ადამიანებს და კომპანიას. ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა ეს კონკრეტული კომპანია, თუმცა მგონია, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისი სამსახურები და კულტურის სამინისტრო აუცილებლად დაინტერესდება და ვნახავთ, თუ არის მართლაც ამ მიმართულებით დანაშაული, აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი ქალაქისთვის და ასეთი დამოკიდებულება არასწორია”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განგვიცხადეს, კომპანიას სამუშაოების წარმოების უფლება შეაჩერებინეს. ნარიყალაზე მდებარე მიწის 8 ნაკვეთს, რომლებიც 3 000 მ2–დე ფართობისაა, კომპანია “კაზმა” ფლობს. ეს კომპანია აწარმოებდა იქ სამუშაოებს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის საიტის მიხედვით, ჯერჯერობით არცერთი პროექტი არაა დამტკიცებული. სავარაუდოდ, კომპანიას ამ ადგილის გაყიდვა სურს. მანამდე კი პირობების გარკვევა უნდოდა, თუ რისი აშენება შეიძლებოდა ამ ადგილას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com