Reuters: მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამში იმყოფება

“როიტერსი” ჰოლანდიურ მედიაზე დაყრნობით წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბარნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან გააძევეს, პოლონეთიდან ჰოლანდიაში გაემგზავრა და ამჟამად ამსტერდამში იმყოფება.

როგორც გამოცემა წერს, ინფორმაციის გადამოწმებას ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობენ, თუმცა მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ შეძლეს. “როიტერსი” ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიელ ქალზეა დაქორწინებული.

12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. UNIAN-ის ინფორმაციით, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, სააკაშვილი დააბრუნეს პოლონეთში, სადაც უკრაინაში დაბრუნებამდე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, პოლონეთის მხარემ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანაზე იმიტომ, რომ მისი მეუღლე ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეა.

მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ თქვა უარი, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შედეგად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.