ახალი ამბებისამართალი

შვილის ლესბოსელობისგან “განკურნების” მოსურნე მშობლებს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

13 თებერვალი, 2018 • 5190
შვილის ლესბოსელობისგან “განკურნების” მოსურნე მშობლებს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

მშობლებს, რომლებიც ლესბოსელი შვილის მიმართ ბოლო ორი წლის მანძილზე ჰომოფობიურად ძალადობდნენ, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ინფორმაციას “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მშობლები სხვადასხვა ფორმით ძალადობდნენ თ–ზე, ლესბოსელ ქალზე. ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და „სექსუალური ორიენტაციისგან განკურნების მიზნით“ მკურნალობაზე დაყოლიების მცდელობას. მიუხედავად გაუსაძლისი მდგომარეობისა, ქალი პოლიციისათვის მიმართვისგან თავს იკავებდა.

როგორც ორგანიზაციის გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, თ–სთვის 2018 წლის იანვარში ძალადობა აუტანელი გახდა, გაიქცა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა მის პარტნიორთან, თუმცა მშობლების მხრიდან გაგრძელდა ძალადობის მუქარა და თ-მ WISG-ის დახმარებით დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.

“პოლიციამ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ორივე მშობლის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია: მოძალადის იმ სახლიდან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს და მოძალადისთვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

WISG–ის ცნობით, თ-ს შესთავაზეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისები, მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან WISG-ში იღებს ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და იურისტის მომსახურებას. ორგანიზაციის განმარტებით, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა ხელახალი ზეწოლის შიშმა იმ სპეციალისტების მხრიდან, რომლებიც არ არიან დაახლოებული ლგბტი ორგანიზაციებთან და არ მუშაობენ ამ ჯგუფთან.

ლგბტი ადამიანები ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. ძალადობისათვის ხშირად საკმარისია ოჯახის წევრების ეჭვი და ვარაუდიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი