ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ჰრანტ მათევოსიანის საღამო “კავკასიურ სახლში”

12 თებერვალი, 2018 • 2107
ჰრანტ მათევოსიანის საღამო “კავკასიურ სახლში”

თბილისში, “კავკასიურ სახლში” თანამედროვე სომხური ლიტერატურის ერთ-ერთი გამოჩენილი მწერლის ჰრანტ მათევოსიანისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს.

ჰრანტ მათევოსიანის მოთხრობები მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი, დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრებს სწორედ ჰრანტ მათევოსიანის ნაწარმოებების ქართულ ენაზე მთარგმნელი და მისი მეგობარი ზეზვა მედულაშვილი ესაუბრა.

“ის სომხეთის დიდი მწერალია. მისი ნაჩუქარი წარწერებიანი წიგნები მაქვს. იმხელა ტალანტი ჰქონდა, იმ უბრალო წარწერებშიც კი ჩანს ეს ყველაფერი.  მე სიყვარულით ვთარგმნე მისი წიგნები. სულ 4 წიგნი გამოვეცი, პირველი- 1971 წელს, შემდეგ- 1977-ში, 1986-სა და 1987-ში. ეს იყო ულამაზესი სტილის მწერალი. კრიტიკოსები მის სტილს ფოლკნერს ადარებდნენ. თვითონ ფოლკნერიც კი ისეთი მწერალი იყო, რომ მისი ერთი ფრაზაც კი მთელი ნოველის ტოლფასი იყო და ერთი აბზაცი მთელი რომანის აზრს დაიტევდა, ასეთი იყო ჰრანტ მათევოსიანიც”, – ამბობს მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე ზეზვა მედულაშვილი.

მწერლისადმი მიძღვნილი საღამო პროექტ “კულტურის კალენდრის” ფარგლებში გაიმართა, რომელიც რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვანი თარიღების, ეროვნული დღეებისა თუ მათი გამოჩენილი მოღვაწეების დაბადების ან გარდაცვალების დღეთა აღნიშნვას ითვალისწინებს.

“12 თებერვალი არის მეოცე საუკუნის დიდი სომეხი მწერლის, ჰრანტ მათევოსიანის დაბადების დღე და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ დღისადმი დღევანდელი ღონისძიება მიგვეძღვნა. ჰრანტ მათევოსიანი მსოფლიო მნიშვნელობის მწერალია და ძალიან კარგია, რომ საქართველოში, იმ პერიოდიდან, როდესაც მისი ნაწარმოებები სხვადასხვა ენებზე ითარგმნებოდა, ჩვენ უკვე ნათარგმნი გვქონდა სომხურიდან”, –  ამბობს “კავკასიური სახლის” აღმოსავლური განყოფილების გამგე, გიორგი ლობჟანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი