გვარის შეცვლის პროცედურა შესაძლოა გამკაცრდეს

შესაძლოა, გვარის შეცვლის პროცედურა გართულდეს. კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანას საქართველოს მთავრობა გეგემავს.

გვარის შეცვლის გართულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეფერხების პრევენციის მიზნით არის გამოწვეული.

ამ ინიციატივის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 9 თებერვალს, როდესაც  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა უვიზო მიმოსვლის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა ზომის მიღებასთან დაკავშირებით.

“საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი,”- ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვს შეიცვალოს სახელი ან/და გვარი. სახელის ან/და გვარის შეცვლის  შემდეგ პირს მონაცემი ეცვლება, ხოლო მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი უცვლელი რჩება.

პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
  • პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი
  • მშობელთა შეერთებული გვარი
  • ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი
  • მშვილებლის გვარი
  • მეუღლის გვარი
  • საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი
  • ქორწინებამდელი გვარი
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი

გვარის შეცვლაზე უფრო მეტ ინფორმაციას გაეცანით ამ ლინკზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი