ახალი ამბები

ევროკომისიაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მსჯელობენ — მედია

29 სექტემბერი, 2021 • 9017
ევროკომისიაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მსჯელობენ — მედია

გამოცემა EU Observer-ი იუწყება, რომ მოიპოვეს ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი, საიდანაც ცნობილი ხდება:

გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო  და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ.

საქართველოსთან ერთად, „პრობლემურ“ ქვეყნებად სახელდებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინაც.

EU Observer წერს, რომ შიდა დოკუმენტი, რომელიც 27 სექტემბრით არის დათარიღებული, მომზადდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის დასავლეთბალკანური ტურის წინ, ასევე, ბალკანეთის და უკრაინის სამიტების წინ.

მონტენეგრომ, სერბეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირში უვიზოდ 90 დღით მოგზაურობის უფლება 2009 წელს მოიპოვეს, ალბანეთმა, ბოსნია-ჰერცეგოვინამ და მოლდოვამ  – 2014-ში, საქართველომ და უკრაინამ – 2017-ში.

უვიზო მიმოსვლას ევროკომისია განიხილავს, როგორც „მნიშვნელოვან მიღწევას“ ევროკავშირისა და, ერთი მხრივ, დასავლეთ ბალკანეთს, მეორე მხრივ კი, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის ქოლგის ქვეშ.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, „ყველა [ქვეყანა] არ არის კმაყოფილი“, რის გამოც ამჟამად აქტიურად განიხილება „ვიზის შეჩერების მექანიზმი“. განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ საფრანგეთი, გერმანია და იტალია.

ზოგადად, გამოცემის განმარტებით, სავიზო რეჟიმის დაბრუნებას სჭირდება არარეგულარული მგზავრობების 50%-ზე მეტით მატება ან ამა თუ იმ ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ხშირი უარყოფითი პასუხი. ამასთან, სავიზო რეჟიმის აღდგენის რისკის წინაშე არიან ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი მოქალაქეების უკან მიღებაზე.

გამოცემა იუწყება, რომ აღნიშნულ დოკუმენტში გერმანია შეშფოთებას გამოხატავს საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე, აკრიტიკებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

მაგალითად, გამოცემის თანახმად, დოკუმენტში წერია, რომ დაფიქსირდა ალბანეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან „არაავტოზირებულ საცხოვრებელთან დაკავშირებული დარღვევების“ რაოდენობის განსაკუთრებული მატება; საქართველოს შემთხვევაში ბოლო სამი თვის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა 51%-იანი ზრდა თავშესაფრის მოთხოვნებში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

„მესამე ქვეყნების მხრიდან ამ მიმართულებით მცირედი ან ნულოვანი პროგრესის შემთხვევაში,  ჩვენი აზრით, ევროკომისიამ უნდა გაუსვას ხაზი გარემოებას, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალური შესაძლებლობაა“, — ციტირებს გამოცემა გერმანული დელეგაციის დოკუმენტს.

საქართველოსთან დაკავშირებით შეშფოთებას საფრანგეთიც გამოხატავს;

ასევე, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების გაზრდაზე საუბრობს ჩეხეთის რესპუბლიკა.

პირველი და ამ დროისთვის უკანასკნელი ქვეყანა, რომელმა ევროკავშირს მოსთხოვა „მესამე ქვეყნისთვის“ უვიზო რეჟიმის გაუქმება, ნიდერლანდებია, თუმცა ალბანეთის წინააღმდეგ ნიდერლანდების მოთხოვნა ევროკომისიამ არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი