ახალი ამბები

EU-სთან უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება – სამხარაძე

29 სექტემბერი, 2021 • 1273
EU-სთან უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება – სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება.

მისი განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფუძვლად გარკვეული კრიტერიუმები უდევს, რომლებსაც საქართველო იცავს, რაც ასევე აისახა ევროკომისიის უკანასკნელ ანგარიშშიც.

“საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ევროკავშირთან საფუძვლად უდევს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შესრულება.

ევროკომისიის უკანასკნელი ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ამ კრიტერიუმების დაცვა უკეთესად მოხდეს.

ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ეს იყო საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის ქვეყნებში უმიზეზოდ თავშესაფრის მოთხოვნა. ეს ციფრი საკმაოდ მაღალი იყო 2019 წელს, მაგრამ შემდეგ ჩვენ მივიღეთ კანონი საქართველოდან გასვლის შესახებ. ანუ, როდესაც მოქალაქე ევროკავშირში მიემგზავრება, მან გარკვეული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს საზღვარზე. ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან, რათა ამ რეჟიმს საფრთხე არ შექმნოდა”, – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი განცხადებით, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ სიკეთის [უვიზო მიმოსვლის] ბოროტად გამოყენება არ შეიძლება.

“ეს აზარალებს ქვეყანასაც და ეს უნდა გაითავისოს ყველა მოქალაქემ”, – განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმდაც, გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო  და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ, „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი